ახალი ამბები

მოდავე ბაგრატიონებიდან სასამართლოს მხოლოდ ანა გრუზინსკი ესწრება

12 მარტი, 2019 • 1614
მოდავე ბაგრატიონებიდან სასამართლოს მხოლოდ ანა გრუზინსკი ესწრება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკების სასამართლო დავა მიმდინარეობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ.

სხდომას მოსარჩლე და მოპასუხე მხარეებიდან მხოლოდ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ესწრება ადვოკატთან ერთად. დავით ბაგრატიონ-მუხრანელს კი პროცესზე მისი ადვოკატი წარმოადგენს. სხდომაზე არ იმყოფება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა ნუგზარი. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის კომენტარი არ გაუკეთებია.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი © მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს. როგორც მოსარჩლე მხარის უფლებადამცველ იურიდიულ კომპანიაში აცხადებენ, დავა “დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთას” ეხება.

იურიდიულ კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, სამი მოსამართლის შემადგენლობით:

“დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი. მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატაუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა” ,– აცხადებენ იურიდიულ კომპანია “სამართლის გზაში”.

ამ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.

სარჩელს ფეისბუკზე ეხმაურება მოპასუხე მხარის ადვოკატი ლევან ჩხეიძე. ის საქმეს აბსურდულს უწოდებს და უკვირს, რომ მსგავსი საქმე სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

“ჩვენი მხარე აბსოლუტურად დარწმუნებულია მოცემული საქმის აბსურდულობაში და მეტიც, არ არსებობს არანაირი მატერიალური სამართლებრივი საფუძველი ამ სარჩელის დაკმაყოფილების”, – აცხადებს ჩხეიძე და მოსარჩლე მხარეს დავის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი