ნეტგაზეთი | სომხეთის პასუხგაუცემელი კითხვები ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე სომხეთის პასუხგაუცემელი კითხვები ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე – Netgazeti
RU | GE  

სომხეთის პასუხგაუცემელი კითხვები ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე

მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, თავის მხრივ კი, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა, ერთი წელი გავიდა.

სომხეთმა, რომელიც მუდამ მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებდა დასავლეთთან და რუსეთთან, არჩევანი ევრაზიული ინტეგრაციაზე გააკეთა და ფაქტიურად მინიმუმამდე დაიყვანა ევროკავშირთან თანამშრომლობა. 

 

სარგსიანის ამ განცხადების წლისთავზე ერევანში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. სომხეთის მხრიდან მოსკოვის მიმართ დასმულმა კითხვებმა მიმდინარე წელს იმატა, თუმცა ეს კითხვები არ იყო მრავალრიცხოვანი. უმეტესად ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები იყო, რომელიც ამ თემას შეეხებოდა. 

 

“ეროვნული თვითგამორკვევის” პარტია-გაერთიანების თავმჯდომარის, ყოფილი საბჭოთა დისიდენტის, პარუირ აირიკიანის განცხადებით, თუკი პრეზიდენტი 8 სექტემბრამდე არ გადადგება და ხელისუფლებას “პროევროპულ ძალებს” არ გადასცემს, უვადო შიმშილობას გამოაცხადებს. 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ერევნის პრესკლუბმა შეაჯამა მოსაზრებები და პოზიციები, რომელიც “მრგვალი მაგიდების” დროს  გამოითქვა და ” ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის სომხეთის ახალი გამოწვევების შეფასებასა და შესაძლებლობებებს” შეეხება: საბოლოო ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ჩვევა, “დინებას მიყვნენ” და თავი მოიტყუონ, რომ ქვეყანას კრიზისული მოვლენები არ ეხება, ქვეყანაში შესაძლოა  უფრო მძიმედ აისახოს, ვიდრე ხუთი წლის წინათ გლობალური ეკონომიკური კრიზისი. სწორედ ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მიმდინარე ვითარების ყველა ასპექტში კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და არა სასწაულის მოლოდინი.  “ბოლოდროინდელი ფასების ზრდა ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე, სავარაუდოდ, ბოლო არ ექნება,”- წერენ ანგარიშის ავტორები. 

 

1 სექტემბერს პრეზიდენტმა პუტინმა გასცა დავალება, ხელი მოეწეროს შეთანხმებას სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ. უკვე 10 ოქტომბერს კი მინსკში წევრი ქვეყნების პრეზიდენტები განიხილავენ ერევნის გაწევრიანების მექანიზმებს. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა, ასეც იქნება. ამასთან, სომხეთის საზოგადოებაში პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები: საფრთხე ხომ არ შეექმნება სომხეთის დამოუკიდებლობას? რამდენად სჭირდება მცირე და არამდიდარი სომხეთი ევრაზიულ კავშირს? იქნება თუ არა საბაჟო საკონტროლო პუნქტები სომხეთისა და მთიანი-ყარაბაღის საზღვარზე? ხომ არ გაზრდის საბაჟო გადასახადს საქართველო, რომელიც თავისი გზით წავიდა? რამდენად და რომელი საქონელი გაძვირდება სომხეთში? ხომ არ გახდება უფრო რთული ევროპულ ქვეყნებში გამგზავრება? ხომ არ გავრცელდება რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის “თავისუფლება” სომხეთზეც, სადაც, რაც არ უნდა იყოს, პრესისა და შეკრების თავისუფლებაა? კითხვები ბევრია – პასუხები ისევ არ არსებობს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის