ახალი ამბები

UNICEF-ის წარმომადგენელმა და ილია II-მ ბავშვის უფლებათა კოდექსი განიხილეს

11 მარტი, 2019 • 1581
UNICEF-ის წარმომადგენელმა და ილია II-მ ბავშვის უფლებათა კოდექსი განიხილეს

გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

ორგანიზაციის თანახმად, დღეს, 11 მარტს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევების პრევენციისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ახლა პარლამენტის მიერ იხილება, მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია ბავშვებისათვის საქართველოში”, – ციტირებს ილია მეორეს გაეროს ბავშვთა ფონდი.

თავის მხრივ, UNICEF-ის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა აღნიშნა:

“იუნისეფისათვის ოჯახი უმნიშვნელოვანესია ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. ძლიერი ოჯახი ძლიერ საზოგადოებას ნიშნავს”.

5 მარტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, “პრინციპების დონეზე” მიიღო “ბავშვის უფლებათა კოდექსი”.

წინა დღეს კანონპროექტი განიხილეს საკანონმდებლო ორგანოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. სხდომას სხვებთან ერთად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც ესწრებოდნენ. მანამდე, 3 მარტს, თბილისში, გაეროს ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც გურამ ფალავანდიშვილმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ლევან ჩაჩუამ თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვეს “ბავშვის უფლებათა კოდექსის” პარლამენტიდან გაწვევა.

კოდექსი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. როგორც დეპუტატმა სოფიო კილაძემ პროექტის პრეზენტაციისას განმარტა თებერვალში, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია “გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო კონვენციების ეფექტური აღსრულება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი