ამის შესახებ მან კომენტარი “რუსთავი 2″–თან ალბანეთში ვიზიტისას განაცხადა: 

 

“საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე თურმე სადღაც დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს ჭორიკნობა და ამდენი სიცრუე. საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი  თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ცდილობენ მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან და იქ ჩამავლონ ხელი. არ გამოსდით, იმიტომ, რომ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს. მათ ჯობია ეს ენერგია, რომელსაც ხარჯავენ, აქეთ-იქით წერილების გზავნში, რეკვებში და რაღაცების შეთავაზებაში, დახარჯოთ ქვეყნის შიგნით დანაშაულთან ბრძოლაში და თუნდაც ნატოს სამიტის წინ საქართველოს რეპუტაციის ამაღლებაზე” –განაცხადა სააკაშვილმა.     

 

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, როცა ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ გაუშვან ქვეყნიდან და მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში: “ბოლო თვეების განმავლობაში მე შევხვდი იმაზე მეტ ლიდერს, ვიდრე  საქართველოს მოქმედი მთავრობა ერთად აღებული. როდესაც აღარ ვარ აქტიური საერთაშორისო პოლიტიკაში და აღარ ვარ თანამდებობაზე, მეტი ხალხი მხვდება, ვიდრე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს და პრემირს. ეს არის ანომალური სიტუაცია, დროზე უნდა მორჩეს და გავიაროთ ეს ეტაპი. მივყოთ საქმის კეთებას ხელი, იმიტომ, რომ ვკარგავთ ძალიან ბევრ ძვირფას დროს”.

 

2014 წლის 2 სექტემბერს საბერძნეთის კუნძულ სამოსთან იახტა, რომელზეც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა რამდენიმე საათით შეაყოვნეს.   

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერპოლს მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის საბერძნეთის საზღვარზე დაყოვნების საფუძველი ინტერპოლისადმი საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გახდა.

 

“პირველ სექტემბერს საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოებისგან პროკურატურაში შემოვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიხეილ სააკაშვილი, მაშინ, როდესაც იგი ცდილობდა საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლას, კერძოდ, კუნძულ სამოსზე, იგი აყვანილი იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბერძნული მხარისთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა მიმართული ინტერპოლის გენერალური სამდივნოსადმი, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე მის მიმართ ითხოვდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. ბერძნულმა მხარემ ქართულ მხარეს მოთხოვა დაუყოვნებლივ ამის დადასტურება, ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი დასტურის გაგზავნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წითელი ცირკულარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფორმალურად არ იყო გამოცემული, ბერძენი კოლეგები იძულებული გახდნენ იგი რამდენიმე საათში გაეთავისუფლებინათ პოლიციის განყოფილებისგან”,- განაცხადა მთავარი პროკურატურის  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

 

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ვერ დაუდგენს ვადას, რა ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება:

 

“თუ მათ დამატებით მოითხოვეს ინფორმაცია, ამასაც მივაწვდით და  შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები გენერალურ სამდივნოში ძებნის გამოცხადების მიზანშეწონილობის თაობაზე”.

 

საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, საბერძნეთის პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იახტა, რომლითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა, სასაზღვრო კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს და შემდეგ უკან დააბრუნეს.

 

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ დღეს, 2 სექტემბერს ლევან ვარშალომიძეს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვთაც მას მიხეილ სააკაშვილთან ერთად საბერძნეთის კუნძულზე პრობლემები შეექმნა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 30 აგვისტოს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფში, თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურმა გვერდმა შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, თურქეთში ოჯახთან ერთად იმყოფება.

 

მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის საფუძველზეც მასზე შიდა ძებნა გამოცხადდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა ზუსტად როდის გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა ექს-პრეზიდენტზე, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *