ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ მერიის კუთვნილი ფართიდან ნივთები მოიპარეს, მერია ამის დამტკიცებას ითხოვს

9 მარტი, 2019 • 1047
მოქალაქე ამბობს, რომ მერიის კუთვნილი ფართიდან ნივთები მოიპარეს, მერია ამის დამტკიცებას ითხოვს

მოქალაქე ამბობს, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ფართიდან, რომელსაც საწყობად იყენებდნენ სანამ მისი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, მისი კუთვნილი ნივთები დაიკარგა, — სულ მცირე, 20 000 ლარის ღირებულების საქონელი; თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია წინა მენეჯმენტის დროს დაიწყო, მოქალაქემ კი დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს იმისა, რომ მართლაც ჰქონდა აღნიშნულ ფართზე ნივთები; შსს-ს თანახმად, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მოქალაქე ნოდარ ალადაშვილი ჰოვანეს თუმანიანის ქუჩაზე ცხოვრობდა. რუსთავი2-თან საუბარში ამბობს, რომ მისი სახლის რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ მისი კუთვნილი ნივთები მერიის საკუთრებაში არსებულ ფართში გადაიტანეს რამდენიმე წლის წინ.

“[რეაბილიტაციის დროს] 2012 წელს, 3 დღეში [წინასწარი გაფრთხილების გარეშე] გაგვასახლეს. 10 დღე მეძინა სიონის ბაღში, სანამ ქირით ვიშოვიდი ბინას”, – ამბობს ალადაშვილი. მისი თქმით, ამჟამად “გაძარცვლულია აბსოლუტურად ყველაფერი… ჩემი მარტო პიანინოა დარჩენილი. ჩემი სამი მეზობლის ავეჯიც კი გადაზიდულია”.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, თუმანიანის ქუჩაზე ორი სახლისა და ბეთლემის ქუჩაზე ერთი სახლის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო. თუმცა იგი ამბობს, რომ მოქალაქე [ალადაშვილი] ვერ ახერხებს, წარმოადგინოს რაიმე დოკუმენტი, რითაც დაამტკიცებს, რომ მერიის კუთვნილ ფართში მართლაც იყო მისი ნივთები შენახული.

“2011-2012 წლებში მე ფონდში არ ვმუშაობდი; ვმუშაობ 2015 წლის 1 ივლისიდან. არ ვიცი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013-მდე რატომ არ დასრულდა, ან [რატომ არ დასრულდა] იქამდე, სანამ მე ფონდში მივედი”, — აცხადებს ბაიდარაშვილი. მის თანახმადვე, მისი ფონდში მისვლიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარში მესაკუთრეებს ფართი ჩააბარეს.

“ამ ხნის განმავლობაში, რაც მე ფონდში ვარ, არ მახსოვს, რომ ვინმეს მოეკითხოს [საწყობში არსებული ნივთები]; ან რომ ჩავაბარეთ, მას შემდეგ 2 წელზე მეტი გავიდა და არავის მოუკითხავს, “მომეცით, გადავიტან” და ა.შ”, – ამბობს იგი ნეტგაზეთთან საუბარში.

როგორც ბაიდარაშვილი აცხადებს, აღნიშნულ შენობაში, რომელსაც მოქალაქე საწყობს უწოდებს და რომელიც ათონელის ქუჩაზე მდებარეობს, “რამდენიმე თვის წინ შეიჭრნენ, როგორც თავის თავს უწოდებენ, სოციალურად დაუცველი ადამიანები”, და ეს ფაქტი პატრულმა დააფიქსირა. ისინი, მისი ცნობითვე, დღემდე იქ ცხოვრობენ.

“ამ მოქალაქეებმა 1 კვირის წინ განაცხადეს [ნივთების დაკარგვის შესახებ], ახლა გაუჩნდათ ეს პრეტენზია. 2011-12 წლებში რა და როგორ მოხდა, არ მინდა შეფასება. რაც მოხდა სამწუხაროა. სამწუხაროა, რომ ასე გამოაგდეს. [მაგრამ] ხომ უნდა გვქონდეს საფუძველი, რომ დავიჯეროთ, რომ ეს ნივთები იქ იყო განლაგებული”? — ამბობს ბაიდარაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.


შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება მოქალაქის მომართვის საფუძველზე მყისიერად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი