“მთელი სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე, ამ შემთხვევაში საქართველოსი, თავდაცვის სამინისტროს რეფორმებზე და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. მე როგორც ინფორმაცია მაქვს, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც ადეკვატურია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის და საზოგადოების დაცვისთვის”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
“ნატოს სამიტზე საქართველო მიიღებს საქართველოს პაკეტს, რაც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, ეს არის სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, პირველ რიგში. ეს არის ერთობლივი ნატოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოს სამხედრო შესაძლებლობებთან”, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
საგარე საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს კონკრეტული პაკეტის და ნატოს მესიჯის მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანა გაერთიანებას კიდევ უფრო უახლოვდება.
ნატოს უელსის სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკვე დაიწყო. იგი სამიტამდე შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ასევე ნატოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვნელი ლევან დოლიძე და სხვები.

