ახალი ამბები

მოზარდების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

8 მარტი, 2019 • 1288
მოზარდების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 2 მარტს ჭყონდიდელის ქუჩაზე მოხდა. შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს 2002 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სამ მოზარდს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

სამივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო მკურნალობას აგრძელებს ერთ-ერთი მათგანი, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი