“ეს ყველაფერი ჭორია. ძალიან კარგად არიან ორივე. ბატონი ლევანი [ვარშალომიძე] კიევშია უკვე მიშასთან ერთად. ისეთივე ჭორია გავრცელებული, როგორც აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაავრცელეს. ბატონი პრეზიდენტი კარგად გრძნობს თავს და არის კიევში”, – აცხადებს კირთაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, საბერძნეთის პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იახტა, რომლითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა, სასაზღვრო კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს და შემდეგ უკან დააბრუნეს.
“მივიღეთ ინფორმაცია სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან, დიმიტრის სკაპეკიდისისგან, რომლის მიხედვითაც გუშინ, 18:00 საათზე თურქეთის მხრიდან კუნძულ სამოსის იახტკლუბში შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები- მიხეილ სააკაშვილი, ლევან ვარშალომიძე და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციის ინფორმაციით, სასაზღვრო კონტროლზე პასპორტების შემოწმებისას მიხეილ სააკაშვილის პასპორტთან დაკავშირებით გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხრიდან შესულია მოთხოვნა დაკავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ პროცედურები დასრულებული არ იყო, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი. მათი თქმით, იახტა შემოწმებისათვის 4 საათის განმავლობაში დააყოვნეს, რის შემდეგაც ის სრული შემადგენლობით უკან დაბრუნდა. ეს არის სრულად ის ინფორმაცია, რაც მე მოვიპოვე”,- განუცხადა “ნეტგაზეთს” საქართველოს ელჩმა საბერძნეთში დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ინფორმაცია სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან დღეს დილით მიიღო და აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. “ჩვენ ყველა ინფორმაციას, რომელიც საელჩოში შემოდიოდა, შემოდის და შემოვა მომავალში, კომუნიკაციის ერთადერთი წყაროა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ვაწვდით ინფორმაციას”. იახტის სახელწოდებას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა, ელჩი არ ასახელებს და ამბობს, რომ “ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს”.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. საქართველოს პროკურატურაში შეკითხვის საპასუხოდ, დასრულდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი და რა მექანიზმით მოხდა სააკაშვილის პირადი მონაცემების იდენტიფიცირება სასაზღვრო კონტროლზე, ამბობენ, რომ განცხადებას გაავრცელებენ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 30 აგვისტოს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფში, თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურმა გვერდმა შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, თურქეთში ოჯახთან ერთად იმყოფება. მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის საფუძველზეც მასზე შიდა ძებნა გამოცხადდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა ზუსტად როდის გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა ექს-პრეზიდენტზე, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ.
