ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის თქმით, სააკაშვილის საქმე მართლმასჯულების უმაღლესი სტანდარტით უნდა წარიმართოს

1 სექტემბერი, 2014 • • 928
აშშ-ის ელჩის თქმით, სააკაშვილის საქმე მართლმასჯულების უმაღლესი სტანდარტით უნდა წარიმართოს

“მოკლე პასუხი იქნება ჩემი მხრიდან იქნება, რომ არ ვიცი ამ პროცესის შესახებ. ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროცესი მართლმასჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი იქნას მოძებნილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შიდა საკითხებსა და მეორე მხრივ, თანამშრომლობას შორის, რაც საქართველოსთვის და მისი მეზობლებისთვის აქტუალურია რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარების დროს”, – განაცხადა ნორლანდმა სააკაშვილის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ.


რიჩარდ ნორლანდი
რიჩარდ ნორლანდი

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა, ზუსტად როდის გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა ექს-პრეზიდენტზე, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

 

“მიხეილ სააკაშვილზე გამოცხადებულია შიდა ძებნა და პროკურატურის შესაბამისი სამართლებრივი თხოვნის საფუძველზე ასევე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები მის საერთაშორისო ძებნაზე, ე.წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად”,- აცხადებენ პროკურატურის პრესსამსახურში.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 30 აგვისტოს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფში, თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურმა გვერდმა შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, თურქეთში ოჯახთან ერთად იმყოფება. მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის საფუძველზეც მასზე შიდა ძებნა გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი