ახალი ამბები

დაგროვებითი პენსიის გაუქმებაზე დავა საკონსტიტუციოში – პირველი სხდომა

7 მარტი, 2019 • 1753
დაგროვებითი პენსიის გაუქმებაზე დავა საკონსტიტუციოში – პირველი სხდომა

„დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას,“ – მიიჩნევენ მოსარჩელეები და დაგროვებითი პენსიის ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. დღეს, 7 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, განიხილება თუ არა სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად. დავის საგანი კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რამდენიმე მუხლია.

დაგროვებით საპენსიო სქემას რამდენიმე მოსარჩელე ჰყავს: მოქალაქეები, ედუარდ მარიკაშვილი და დავით თორაძე, ასევე ორგანიზაციები – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „თორაძე და პარტნიორები“.

მოსარჩელეების კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ დაგროვებითი პენსიისთვის შენატანის გაკეთების ვალდებულება ახალი გადასახადის დაწესებას უტოლდება, რაც კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია. ისინი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასაც ითხოვენ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე არ მიიღებს. „სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელ ზიანს გვაყენებს,“ – დასძენენ ისინი.

“ეს თანხა სრულად ვეღარ დაუბრუნდება დამსაქმებელს, ან დასაქმებულს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ამ ფულს ჭამს ინფლაცია,” – მიმართა მოსამართლეებს მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილმა.

“კარგად გაგვარკვიეთ, რას ნიშნავს, ინფლაცია ჭამს?” – იკითხა მოსამართლე თემურ ტუღუშმა.

ედუარდ მარიკაშვილმა მოსამართლეს განუმარტა, რომ უკვე გადახდილი თანხის დაბრუნების მექანიზმი არ არსებობს და რომც შეიქმნას, ეროვნული ვალუტა ინფლაციას განიცდის და ფულს მოქალაქე იმავე ღირებულებით ვეღარ დაიბრუნებს, რა ფასიც ახლა აქვს.

ედუარდ მარიკაშვილმა თავის გამოსვლაში “ბექა წიქარიშვილის საქმეზეც” ისაუბრა იმ კუთხით, რომ პარლამენტს არ აქვს შეუზღუდავი უფლება დააწესოს შეზღუდვები “კეთილშობილური მიზნების მისაღწევად”.

მოსარჩელეები ხაზს უსვამენ დისკრიმინაციაზეც.

“მაგალითად, ვინც ახლა დასაქმებული არაა და სიღარიბეში ცხოვრობს, მისი სიბერე კიდევ უფრო რთული იქნება… ეს უსამართლო მოპყრობაა,” – აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.

“თუკი ეს შენატანია და არაა გადასახადი, რატომ არის მისი გადახდა სავალდებულო?” – იკითხა კიდევ ერთმა მოსარჩელემ, ადვოკატმა დავით თორაძემ. ის კომპანია “თორაძე და პარტნიორებს” წარმოადგენს და დამსაქმებლის მხრიდან დანახულ პრობლემაზე ისაუბრა.

“როცა ვიხდი შენატანს, იქედან რაღაც სარგებელს უნდა ვიღებდე… მაგალითად, ჩვენ ვუხდით ჯანმრთელობის დაზღვევას თანამშრომლებს იმიტომ, რომ კარგ დამსაქმებლად გამოვჩნდე. ამ შემთხვევაში, რა არის ჩემი სარგებელი? თანაც, ის ნებაყოფლობითი არ არის,” – თქვა დავით თორაძემ.

მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესდა, როგორი იქნება დამსაქმებლის პოზიცია, თუკი დასაქმებული ვალდებული აღარ იქნება საპენსიო შენატანი გააკეთოს ბიუჯეტში, ხოლო კომპანიას თანამონაწილეობის ვალდებულებას დაუტოვებენ.

“ეს უკვე ჩემი ნებაა, ჩემი ავტონომიაა…”- უპასუხა მოსამართლეს დავით თორაძემ.

“აღარ აიყვანთ სამსახურში?” – ჩაეკითხა დამსაქმებელს მოსამართლე მანანა კობახიძე.

“თუკი ის თანახმა იქნება გააკეთოს საპენსიო შენატანი, ეს უკვე ჩვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი იქნება,” – დააზუსტა დავით თორაძემ.

მოსარჩელეების არგუმენტებს პარლამენტი არ იზიარებს. იურისტმა ქრისტინე კუპრავამ პარლამენტის პოზიცია გააცნო მოსამართლეებს, რაც, ძირითადად, აქცენტირებულია იმაზე, რომ საპენსიო შენატანი ისევ მოქალაქეებს უბრუნდებათ, ხოლო “დისკრიმინაციის დამადასტურებული კონკრეტული საფუძვლები წარმოდგენილი არ არის”.

პარლამენტის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე სხვა ქვეყნის პრაქტიკას, სადაც საპენსიო შენატანი ასევე სავალდებულოა.

“იმ ქვეყნებში ეს საკუთრების უფლების ხელყოფად არ აღიქმება,” – აღნიშნა ქრისტინე კუპრავამ.

სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. დღესვე მოსამართლეები საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძის პოზიციას მოისმენს. ის მოწმის სახით დაიკითხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი