ახალი ამბები

ბესელიამ და სხვა დეპუტატებმა მოსამართლეებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს

7 მარტი, 2019 • 1462
ბესელიამ და სხვა დეპუტატებმა მოსამართლეებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს

13 დეპუტატი, რომელთა შორის არის ეკა ბესელია, უზნაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და პოროცედურასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

როგორც დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს, 7 მარტს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონპროექტი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შემუშავებული და ერთადერთი, ვისაც შეიძლება ის არ მოეწონოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოა.

ბესელიამ ისაუბრა იმ მთავარ პრინციპებზე, რასაც კანონპროექტი ეფუძნება:

“პირველ რიგში, ეს არის ღია და საჯარო კონკურსი. ყველას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს ღია კონკურსში, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ შემდეგ სტანდარტებს: ასაკობრივი ცენზი 30 წელი, იურიდიული განათლება, პროფესიული გამოცდილება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სპეციალური კითხვარის შევსების გზით”, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, კითხვარი “კოალიციამ მართლმსაჯულებისთვის” მოამზადა და კანონპროექტის ავტორებმა გაიზიარეს.

“ამავე დროს, იუსტიციის საბჭოსთვის ამ ინიციატივით დადგენილი იქნება კვორუმი 2/3-ის შემადგენლობით. იქნება ე.წ. გრძელი სიის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭო, შეამოწმებს რა კანდიდატების შესაბამისობას კრიტერიუმებთან,  სიას წარუდგენს პარლამენტს. ჩვენი კანონპროექტით შემოთავაზებულია სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც არ იქნებიან პარლამენტის წევრები, არამედ მასში შევლენ სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის შემდეგ კომიტეტი იწყებს კანდიდატების განხილვას”, – განაცხადა ბესელიამ.

ასევე, ეკა ბესელია დამატებით ორი კრიტერიუმის შემოღების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში არჩევისთვის დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება გახდეს მოსამართლისთვის პოლიტპატიმრების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მის მიერ გამოტანილ განაჩენზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, მირიან წიკლაური და გია ჟორჟოლიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი