ახალი ამბები

დღეიდან პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო ტარიფების გარეშე გავა

1 სექტემბერი, 2014 • • 868
დღეიდან პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო ტარიფების გარეშე გავა

ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, დღეს ძალაში შევიდა საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80%, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით.

 

“ამ ხელშეკრულების თანახმად, უკვე დღეიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება საბაჟო ტარიფების გარეშე გავა ევროპულ ბაზარზე. იმ  კომპანიებისათვის, რომლებიც უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოონ და გაიტანონ ევროპულ ბაზარზე, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან სწრაფად მოახდენენ ევროპულ სტანდარტებთან მათ მიერ ნაწარმოები პროდუქციის შესაბამისობაში მოყვანას,” – თქვა დავით ზალკალიანმა.

 

მისივე განცხადებით, იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა აქვთ საქართველოში ინვესტიციის შემოტნისა და წარმოების დაწყების სურვილი, შესაძლებლობა ექნებათ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ

 

“თუკი მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია იქნება შესაბამისობაში, ასევე მათაც ეს შესაძლებლობა დღეიდან ეხსნებათ,” –  თქვა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

საქართველომ და ევროკავშირმა “ასოცირების დღის წესრიგი” 2014 წლის 26 ივნისს დაამტკიცეს.

 

„ასოცირების დღის წესრიგი” წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) იმპლემენტაციისთვის.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით შემუშავდა და დამტკიცდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლიც გამხორციელება უკვე დაწყებულია. გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრის სამსახური იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი