ახალი ამბები

სერგეენკო: აფთიაქებიდან მოკლევადიანი მედიკამენტების გაყიდვაზე ინფორმაცია მეც მქონდა

1 სექტემბერი, 2014 • • 934
სერგეენკო: აფთიაქებიდან მოკლევადიანი მედიკამენტების გაყიდვაზე ინფორმაცია მეც მქონდა

მინისტრმა კომენტარი გააკეთა კონკრეტულად ის საკითხთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი აფთიაქი მომხმარებელზე ყიდდა, მაგალითად, დიდი რაოდენობით მოკლევადიან ანალგინს. 


“ის, რომ ასაღებენ მოკლევადიან წამლებს, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ როგორც ჯანდაცვის მინისტრისთვის, ჩვენ არანარი ინსტრუმენტი არ გვაქვს, რომ ვასწავლოთ, მივუთითოთ ან პასუხი მოვთხოვოთ. და ეს არის ამ ტოტალური გასხვისების და პრივატიზაციის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ნაშიერი. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მოკლევადიან პრეპარატებს ყიდდნენ,”- ამბობს მედიასთან საუბარში მინისტრი დღეს, 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. 


მინისტრის განცხადებითვე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში აფთიაქებში მიმართვიანობა გაზრდილი იყო.


“დიდი რიგები ცალსახად გამოწვეული იყო იმ არაპარტნიორული საინფორმაციო პოლიტიკით, რაც ზოგიერთმა აფთიაქმა აწარმოა.” 


შეგახსენებთ, დღეიდან, 1 სექტემბრიდან რეცეპტზე გამოიწერება პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ეტპზე პაციენტებისთვის სერიოზული პოტენციური გვერდითი ეფექტების მქონე მედიკამენტებად მიიჩნია და რომელიც უფრო მკაცრ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ხოლო მესამე ჯგუფის მედიკამენტების შეძენა მომხმარებლებს ურეცეპტოდ შეეძლებათ. რეცეპტით გასაცემი პრეპარატების რაოდენობა, ჯამში, 4 000-ს სცდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი