ახალი ამბები

თიბისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ – კობახიძე

7 მარტი, 2019 • 1427
თიბისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან დღეს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.

“ჩვენი ამოცანაა და თითოეული ჩვენგანის ამოცანა უნდა იყოს, ეს საკითხი დავტოვოთ აპოლიტიკურ ჩარჩოში. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაში არიან ჩართული სამართალდამცავი ორგანოები. მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვას, ეს არის არასწორი. ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ აუცილებლად ეს საკითხი.

საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და შედეგად ჩვენ მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც არის, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტოვებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ის საქმე, რომელიც არის წმინდა სამართლებრივი საქმე. ბუნებრივია, ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ არის სამართალი დარღვეული,” – განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ.

ყველა სიახლე თიბისი ბანკის საქმეზე – დააკლიკეთ

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – ამბობს ხაზარაძე. გახარია მუქარის ფაქტს უარყოფს.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით

მასალების გადაბეჭდვის წესი