ახალი ამბები

პირდაპირ სასამართლოში, ადვოკატების გარეშე მივცემ ჩვენებას — ქადაგიძე თიბისის საქმეზე

6 მარტი, 2019 • 1034
პირდაპირ სასამართლოში, ადვოკატების გარეშე მივცემ ჩვენებას  — ქადაგიძე თიბისის საქმეზე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელსაც პროკურატურაში გამოკითხვაზე იბარებენ თიბისი ბანკის 2008 წლის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აცხადებს, რომ აპირებს, ჩვენება პირდაპირ სასამართლოში, ადვოკატების გარეშე მისცეს და არა პროკურატურაში.

“მივიღე უწყება თიბისის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება”, – დაწერა ქადაგიძემ ფეისბუკზე.

როგორც პროკურატურამ ნეტგაზეთს უთხრა, ქადაგიძე პროკურატურაში დაბარებული იყო, თუმცა უარი განაცხადა გამოკითხვაზე; ხვალ, 7 მარტს კი პროკურატურა აპირებს, სასამართლოს ქადაგიძის გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართოს.

“საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი გააკეთებს განმარტებებს და უზრუნველყოფს სრულ გამჭირვალობას”, – დაწერა ქადაგიძემ.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა,”-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურისვე ცნობით, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პაატა ღაძაძე რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი