აქციის მონაწილეებმა პუტინის ფოტოები დაწვეს, ასევე შეასრულეს უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.
ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვას.
“მე ვფიქრობ, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ახლა უკრაინის მხარეზე უნდა იდგეს მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, რადგანაც უკრაინაზე არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი და მომავალი ბედიც,“– თქვა ლაშა ბაქრაძემ.
“თუ დღეს არ გავაჩერებთ პუტინს, ხვალ უკვე შეიძლება ვერ გავაჩეროთ,” – განაცხადა ვალერიან ლობჟანიძემ, აქციის მონაწილემ.
უკრაინის მხარდამჭერი აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტუტის დოქტორანტმა გრიგოლ გეგელიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი ღირებულება და საქართველომ უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა სხვის პოლიტიკურ თავისუფლებას იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენივე პოლიტიკური თავისუფლება.
“ამავდროულად, მგონია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რუსეთს ყველამ ერთდროულად გავაგონოთ, რომ უნდა დასრულდეს და დასრულდება მისი უმსგავსობის დრო. დრო, როდესაც ის ყველგან, ყოველგვარი გამართლების და ყოველგვარი მორალის გარეშე შეიჭრება. რუსეთმა უნდა იგრძნოს და იმედია, მთელი მსოფლიო ერთად ვაგრძნობინებთ, რომ ეს დრო დამთავრებულია და არც ერთი სახელმწიფო არ შეეგუება დამოუკიდებლობის პრინციპის შეურაცხყოფას. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ უკრაინელებს ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ მათთან ერთად,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, ნატა კორახაშვილი ამბობს, რომ “ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ძალებშია”.
“ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს უაზრობა, იმიტომ, რომ ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თბილისში 100 და 200 კაცის გამოსვლით არაფერი არ შეიცვლება, თუმცა ეს არის ჩვენი პოზიცია,” – გვითხრა ნატა კორახაშვილმა.
უკრაინამ რუსეთი მის ტერიტორიაზე შეჭრაში დაადანაშაულა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარისკაცების ყოფნის ფაქტი ნატომაც დაადატსურა. ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს, ბარაკ ობამამ კი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა გამორიცხა.
უკრაინის მოვლენებს გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
















