ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი უკრაინაში რუსულ აგრესიაზე

29 აგვისტო, 2014 • • 2107
პაატა ზაქარეიშვილი უკრაინაში რუსულ აგრესიაზე

“მე მთავრობის წევრი ვარ და მევალება სხვა მიმართულებები. არაფერი არ მერიდება და შემიძლია ვთქვა ჩემი აზრი, მაგრამ ჯობია, მთავრობა რაკი არსებობს, ილაპარკოს მთავრობის სახელით. მას ევალება”– განუცხადა მედიის წარმომადგენლებს პაატა ზაქარეიშვილმა. 


მინისტრს ჟურნალისტებმა იმ ფაქტის შეფასება სთხოვეს, რომ ხელისუფლების წევრები ერიდებიან “რუსეთის აგრესიის” და “რუსეთის” სახელის ხსენებას. ასევე დაუსვეს კითხვა, ახორციელებს თუ არა რუსეთი უკრაინაში აგრესიას. ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა დაუსვან: 

 

“საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებობს, ის აკეთებს განცხადებებს.  არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა მკაფიოდ გამოხატული პოზიციები. გუშინ და გუშინწინ ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ ძალიან მკაფიო განცხადება გააკთა. აშკარად ჩანს იქ, რა თქმა უნდა, რუსეთის ჩართულობა და დღეს ითქვა კიდევაც, რომ ეს არის ტრაგედია და მგონი, რომ პუტინმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ტრაგედია თავიდან იქნეს აცილებული. მე საზოგადოების წინაშე ახალგამოჩენილი არ ვარ და არასდროს მერიდება ჩემი მოსაზრების გამოთქმა, მაგრამ რადგან მთავრობის წევრი ვარ, ჯობია, რომ მთავრობაში არსებობს სპეციალური მიმართულებები, ხელმძღვანელები და ისინი აკეთებენ სპეციალურ განცხადებებს და ეს არის სწორი.”

 

მედიის მიერ დასმულმა კითხვამ, არის თუ არა რუსეთი აგრესორი უკრაინაში, პაატა ზაქრეიშვილი  გააღიზიანა: 

 

“ასე რომ მისვამ კითხვას (არის თუ არა რუსეთი აგრესორი), აუცილებლად უნდა გაგიშვა მთავრობის სხვა წევრთან, ვინც ვალდებულიცაა გააკეთოს მასზე კომენტარი. მე მინისტრი ვარ, არ გამაჩნია ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში, მე გამაჩნია მთავრობის პოზიცია. ეს უნდა გააჟღეროს მთავრობამ. ჩვენ ვართ საერთო გუნდი და ყველგან მუშავდება შესაბამისი პოზიცია. თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, დააფიქსიროთ განსხვავებები, თუ ერთი მკაფიო განცხადება. მე მჭირდება, რომ მთავრობა წარდგეს საზოგადოების წინაშე ერთიანი პოზიციით. ერთიან პოზიციას აყალიბებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.”

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ მას კითხვები აფხაზეთზე და რელიგიაზე უნდა დაუსვან:

 

“მკითხეთ აფხაზეთზე – გპასუხობთ, მკითხეთ რელიგიაზე – გპასუხობთ. რაც მე მევალება, გპასუხობთ. ჯანდაცვაზე მე ვერ გიპასუხებთ. კულტურაზე ვერ გიპასუხებთ.  მე ვარ მთავრობის წევრი და ვმუშაობ მთავრობის კონტექსტში. მთავრობის პოზიცია სთხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს.”

 

 

უკრაინამ რუსეთი მის ტერიტორიაზე შეჭრაში დაადანაშაულა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარისკაცების ყოფნის ფაქტი ნატომაც დაადატსურა. ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს, ბარაკ ობამამ კი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა გამორიცხა.


უკრაინის მოვლენებს გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი