ჩინჩალაძის მხარდასაჭერად ღარიბაშვილი გეყოლება თუ რემბო, არ აქვს მნიშვნელობა – გოგიჩაიშვილი

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის პირველ სატელევიზიო ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა და მას ბიძინა ივანიშვილის აზრების გამხმოვანებელი უწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო კიდევ უფრო გამყოფი, ვიდრე გამაერთიანებელი. ზუსტად მაგ ლოგიკას გავემიჯნეთ, რომ ადრე იყვნენ ცუდები და დღეს არიან კარგები და რომ შესაძლებელია ყოფილი დამნაშავეებით სასამართლოს მომავალი შექმნა. ჩინჩალაძის მხარდასაჭერად ვინ გეყოლება: ზარდიაშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი თუ რემბო, უკვე ფაქტობრივი მნიშვნელობა აღარ აქვს იმიტომ, რომ ეს გზა არის არასწორი”, – განაცხადა პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას აქვს განცდა, რომ ეკა ბესელია “მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა”. ყოფილი პრემიერის აზრით, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები “მტრის”, ანუ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამენ წყალს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 4 მარტს პოლიტიკაში დაბრუნდა “ოცნების” პოლიტიკური მდივნად, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტის შესახებ ტვ პირველთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს პროცესი ორკესტრირებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.