ახალი ამბები | ,

საზღვრებს მიღმა eTwinning Plus-ით – ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია

5 მარტი, 2019 | | 1589
საზღვრებს მიღმა eTwinning Plus-ით – ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია

მეათე წელია, ნინო ბუნტური სკოლაში მუშაობს. გორის რაიონის სოფელ აძვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს სამივე საფეხურის მოსწავლეებთან აქვს ურთიერთობა. 2013 წელს, როცა ევროკომისიის საერთაშორისო პროექტ eTwinning Plus-ში ჩაერთო, სამომავლო აქტივობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა 7 წლის შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.

პროექტი უზრუნველყოფს შესაძლებლობას მასწავლებლებისათვის, ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით კოლეგებს დაუკავშირდნენ, იდეები გაცვალონ, მოამზადონ პროექტები და მოსწავლეებთან ერთად განახორციელონ ისინი.


“თავდაპირველად, მთავარი გათვლა იყო ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. რომ გითხრათ, მაშინ აქცენტი აუცილებლად ჩემს მოსწავლეებზე მქონდა, მოგატყუებთ, რადგან ზუსტად არ ვიცოდი, რაში ვერთვებოდი. შემდეგ, როცა პრიორიტეტი გახდა ამ პროექტებით სწავლება და აქტიურად შემოვიდა სკოლაში, ვთქვი, რატომაც არა?! – თუკი შეგიძლია, ერთი სკოლის ფარგლებს გასცდე შენს მოსწავლეებთან ერთად და უფრო ფართო საზოგადოებაში ინტეგრირდეთ…”

პროგრამამ, რომელშიც, როგორც თავად ყვება, ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გამო ჩაერთო, გაცილებით მრავალფეროვანი და დატვირთული გახადა როგორც მისი პედაგოგიური საქმიანობა, ისე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება: ნინო კოლეგებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშაობს, მისი მოსწავლეები კი – თანატოლებთან კონტაქტზე პირდაპირ სასკოლო ოთახიდან ან სულაც სახლებიდან, ონლაინ რეჟიმში გადიან, საუბრობენ და მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ პროექტებზეც ერთად მუშაობენ. კომუნიკაცია ხორციელდება TwinSpace-ს მეშვეობით, რომელიც უსაფრთხო ონლაინ სივრცეს წარმოაგენს და უზრუნველყოფილია eTwinning-ის მიერ.

“როგორც მასწავლებელს, პროექტი თავდაჯერებულობას მმატებს. მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან პროცესში. მოტივაციაც იზრდება, კომუნიკაციის მეტი საშუალება გვაქვს… დიდი როლი აქვს ტექნოლოგიებს: ხშირად ხორციელდება სკაიპ ჩართვები მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესში. მე შემიძლია, მაგალითად, შევუთანხმდე იტალიის რომელიღაც სკოლას, ჩემს პარტნიორ მასწავლებელს, შევარჩიოთ ოპტიმალური დრო სკაიპ ჩართვისთვის და რეალურ რეჟიმში დაელაპარაკონ ბავშვები ერთმანეთს ამა თუ იმ თემაზე. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე ხდება და მოსწავლეები ენობრივი თავლსაზრისითაც იზრდებიან”, – ამბობს ის.

ნინო ბუნტურს საკუთარი პროექტი ჯერ არ განუხორციელებია, თუმცა სხვა ქვეყნებში მომუშავე პედაგოგთა მიერ ორგანიზებულ არაერთ პროექტში ჩაერთო და წარმატებასაც მიაღწია: 2017 წელს საქართველოს იმ რამდენიმე მასწავლებელს შორის აღმოჩნდა, რომლებიც eTwinning-მა მალტაზე, წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე დასასწრებად მიიწვია:

“ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის ერთობლივი ჟურნალი გამოვეცით. პროექტს ერქვა თინეიჯერების კლუბი. 8 კლუბი გვქონდა დაარსებული: კინოკლუბი, მუსიკის კლუბი, კლუბი მოდის შესახებ და ა.შ. –  ის, რაც მოზარდებს აინტერესებთ. ბავშვები გაერთიანებულნი იყვნენ ინტერესების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ამ პროექტით გავიმარჯვე კონკურსში, რომლითაც მალტის კონფერენციაში მონაწილეებს არჩევდნენ”.

ნინო ევროკომისიის პროგრამაში დღემდე მონაწილეობს. მზად აქვს საკუთარი პროექტიც განათლების სფეროს ტექნოლოგიური განვითარების შესახებ. სანამ პარტნიორი მასწავლებლების მოძიებას დაიწყებს, “ნეტგაზეთს” იმ გამოცდილებას უზიარებს, რომელიც eTwinning Plus-ის პირობებში შეიძინა:

“[პროგრამა] საკმაოდ დამეხმარა პროფესიულ ზრდაში. როგორც მასწავლებელს, თავდაჯერებულობა შემმატა. ძალიან ბევრი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევა შევიძინე მე თვითონ, როგორც მასწავლებელმა. რა თქმა უნდა, სკოლის დირექციისაგან მიღებული მადლობა და მასწავლებლის სახლიდან ჯილდო დამატებით მოტივაციაა. ჩემი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, eTweening Plus-ში ჩართვა იყო ერთ-ერთი პოზიტიური გადაწყვეტილება – პროცესი, როცა ჩემი შრომა დაფასდა”.


სტატია გამოქვეყნდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი