ახალი ამბები

11 ფერეიდნელ ქართველს საქართველოს ბანკები ანგარიშს არ ახსნევინებენ – ომბუდსმენის ანგარიში

5 მარტი, 2019 • 1124
11 ფერეიდნელ ქართველს საქართველოს ბანკები ანგარიშს არ ახსნევინებენ – ომბუდსმენის ანგარიში

ირანის რესპუბლიკაში დაბადებული პირები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე ფერეიდნელი ქართველები ამბობენ, რომ საქართველოს ბანკების უმრავლესობამ ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრა – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 25 მარტს გაიმართა. ანგარიში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

“კომერციული ბანკები ირანის, ნიგერიისა და სირიის მოქალაქეებს სტუდენტის სამგზავრო ბარათის აღების, ბანკის ამონაწერის მიღების და საბანკო ანგარიშის გახსნისას, აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის ან ევროკავშირის სახელმწიფოში რეგისტრირებული ბანკიდან სარეკომენდაციო დოკუმენტაციას სთხოვდნენ”, – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი დოკუმენტის წარდგენა იმ მომენტში ობიექტურად შეუძლებელი იყო.

ანგარიშის თანახმად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბადებული 21 პირი, რომელთაგან 11 საქართველოს მოქალაქე ფერეიდნელი ქართველია, ამბობს, რომ კომერციული ბანკების უმრავლესობა ანგარიშის გახსნის საშუალებას არ აძლევს. სახალხო დამცველის თანახმად, მათ, ვისაც ანგარიში უკვე გახსნილი აქვთ, თანხის მხოლოდ ლარში გამოყენების უფლებას აძლევენ.

ომბუდსმენის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან ეროვნულ ბანკს რელევანტური რეგულაციების შემუშავების შესახებ მოუწოდა. ანგარიშის მიხედვით, მსგავს პრაქტიკას ეროვნული ბანკი არ უარყოფს და განმარტავს, რომ ეს ქვეყნები, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, “საყურადღებო ზონების ნუსხაშია შეყვანილი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი