ახალი ამბები

პარტიის გადასარჩენად – რატომ დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი?

5 მარტი, 2019 • 2419
პარტიის გადასარჩენად – რატომ დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი?

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის სტატუსით დაბრუნდა. პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილი დასჭირდა ბოლო პერიოდში მმართველ გუნდში მიმდინარე რღვევის პროცესის შესაჩერებლად და “ოცნების” შედარებით კონსერვატორ ამომრჩეველში ძველი გუნდის წევრების გასვლით გამოწვეული იმედგაცრუების აღმოსაფხვრელად.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნება” ღრმა კრიზისშია, თუ დაშლის პირას არა.

“პარტიის არსებობა შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს, თუ გავითვალისწინებთ, რა ტემპით ტოვებს ესა თუ ის ადამიანი “ქართულ ოცნებას”. აქედან გამომდინარე, თვითონ პარტიაში და ბიძინა ივანიშვილის წინაშე, ალბათ, ერთ-ერთი სერიოზული ამოცანა დგას, როგორღაც შეაჩეროს პარტიის რღვევა და მოახერხოს ახალი ადამიანების შემოყვანა. პირველი ამოცანაა, მინიმუმ შეაჩეროს ეს პროცესი და მეორე – მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც იქნება გადამწყვეტი როგორც ამ პარტიისთვის, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის”, – ამბობს კაკაჩია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე შანსი მიიღო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილი დარჩა იმით, თუ როგორ უპრობლემოდ წავიდა ის პოლიტიკიდან.

“შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილი მას ინახავდა, როგორც ჯოკერს. ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი არის  ხისტი პოლიტიკოსი, ივანიშვილს, ალბათ, იმედი აქვს, რომ ის დაალაგებს და უფრო მეტ წესრიგს შეიტანს პოლიტიკურ პარტიაში და ასევე, მას ექნება უფრო ხისტი პოზიცია ოპოზიციასთან მიმართებით”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის ამოცანა იქნება, რომ ბოლო პერიოდში დასუსტებული ხელისუფლების ვერტიკალი გაამყაროს და დეორგანიზაციის პროცესი შეაჩეროს, რათა “ქართული ოცნება” 2020 წლამდე მინიმალური დანაკარგებით მიიყვანოს.

კაკაჩია მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია ელექტორალური თვალსაზრისითაც.

“ის, რომ ბევრი ადამიანი ძველი გუნდიდან ტოვებს “ქართულ ოცნებას”, გარკვეული რისკია პარტიისთვის, რომლის ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალ-კონსერვატიულად განწყობილია. თუ ივანიშვილი მხარს დაუჭერს მხოლოდ შედარებით ლიბერალურ, ე.წ. ახალ გუნდს, ჩნდება შეკითხვა, რამდენად შეინარჩუნებს ის თავის სოციალ-კონსერვატიული განწყობების ამომრჩეველს. ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ამ პრობლემას აგვარებს, ვინაიდან ის არის გარკვეული ფიგურა ამ ტიპის ამომრჩეველში. ივანიშვილი ცდილობს, მის ძირითად საყრდენ ელექტორატს მესიჯი გაუგზავნოს, რომ “ძველი გვარდიის” წარმოამდგენლების პარტიიდან წასვლის მიუხედავად, არაფერი იცვლება და “ქართული ოცნება” ისევ ამ ტიპის ამომრჩევლის ნების გამომხატველად რჩება ქართულ პოლიტიკაში”, -ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგ გი ანოდიას აზრით, ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა საბოლოო გათვლა ელეტქორატზე ჰქონდეს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო სასწრაფო პრობლემები აქვს გადასაწყვეტი.

“გუნდი ეშლება. ღარიბაშვილის დაბრუნება არის ერთგვარი ჟესტი ე.წ. ძველების მიმართ – მათი გულის მოგების მცდელობა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნოდიამ.

თუმცა მისივე თქმით, იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კობახიძის გუნდი შეასუსტოს, რისი მოლოდინიც “ქართული ოცნების” გუნდის ძველ წევრებს აქვთ, ბიძინა ივანიშვილის ნებართვა სჭირდება.

“ერთია, რომ ღარიბაშილი  სიმბოლურად დააბრუნა ივანიშვილმა, მაგრამ რა მოლოდინებიც გაუჩნდათ “ძველი გუნდის” წარმომადგენლებს, რომ ექსპრემიერმა ირაკლი კობახიძის გუნდი შეავიწროვოს, ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაუშვას. თუმცა, რეალური ფუნქცია ღარიბაშვილის რა იქნება, ეს ჯერ არ ჩანს. ჩვენ ისიც არ ვიცით, რას ნიშნავს პარტიის პოლიტიკური მდივნობა – რა რეალური წონა და ფუნქციები ექნება მას”, – განაცხადა გია ნოდიამ.

თავად ირაკლი ღარიბაშილის თქმით, მისი მისია ძველი და ახალი თაობის “ოცნების” ლიდერების შეკავშირება იქნება.

“პირველი და ახალი თაობის “ოცნების” ლიდერების შეკავშირება” – ღარიბაშვილის მისია

მასალების გადაბეჭდვის წესი