რატომ გვეშინია თამამი ნაბიჯების? – ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან        

ბოლო დღეებში აფხაზეთთან არსებულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა ადამიანებმა, როდესაც ენგურს გადაღმა სამგლოვიარო ცერემონია მოაწყვეს, კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართულ საზოგადოებას, თუ როგორ რთულდება სიტუაცია გამშვები პუნქტებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. რა მექანიზმები აქვს თბილისს, თავიდან აირიდოს შექმნილი სირთულეები და როგორ პოლიტიკას ატარებს დღეს ქართული მხარე კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. ამ და სხვა საკითხების შესახებ ნეტგაზეთთან პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი მინისტრი საუბრობს.


ბატონო პაატა, გამშვები პუნქტებით გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეები ხომ არ არის მოსკოვის პასუხი ქართული მხარის მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო პოლიტიკასა და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივებზე? ასეთი აზრი ხშირად აქვს ხოლმე ქართულ ოფიციალურ მხარეს.

ენგურზე მომხდარი ფაქტი – დატირება, ძალიან შემაშფოთებელი და უნიკალური იყო. ასეთი რამ ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს. როგორც წესი, დაკრძალვის, გადასვენების, ჭირისუფლების გადასვლისა თუ მისამძიმრების დროს პრობლემა არ ყოფილა. პრობლემები იყო, თუმცა ამ დონემდე არასოდეს მისულა.

როდესაც მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი, სულ ცოტა, 14-15 მსგავსი შემთხვევა გვქონდა. აქ არ ვგულისხმობ პოლიტიკურად დატვირთულ სიკვდილის ფაქტებს, როგორც ოთხოზორიას შემთხვევაში იყო. როდესაც, მაგალითად, გალის რაიონში ადამიანი გარდაიცვლებოდა და სწრაფი რეაგირება იყო საჭირო იმისთვის, რომ ჭირისუფლები გადასულიყვნენ ენგურს გადაღმა, წინასწარი შეთანხმება არსებობდა –  ჭირისუფლის ოჯახი გვაწვდიდა გარკვეული ადამიანების სიას, ვინც უნდა მოხვედრილიყო გალის რაიონში სამძიმარზე. შემდეგ ჩვენ ამ სიას ვაგზავნიდით სოხუმში, სოხუმი აგზავნიდა გალში. ეს ყველაფერი გვარდებოდა რამდენიმე საათში. გალში უკვე იცოდნენ, რომ ეს ხალხი უნდა შეეშვათ ერთი დღით.

პირადად მე, როგორც მინისტრი, ვიყავი ჩართული მთელ ამ პროცესში, რადგან ვიცოდი, საკმარისი იყო ვინმეს დაეგვიანა რეაგირება, მთელი პროცესი შეიძლებოდა გაჩერებულიყო. ვიცოდი, ვისთვის უნდა დამერეკა და მეთხოვა ეს. დაკრძალვის გამო უარს არასოდეს გვეუბნებოდნენ, რადგან პრაგმატული გათვლები არსებობს აფხაზური მხრიდანაც.

შესაბამისად, ძალიან გამიკვირდა ეს ბოლო ფაქტი. მეტ-ნაკლები კონტაქტები ახლაც მაქვს იქ და როცა მქონდა ურთიერთობა აფხაზურ მხარესთან და ვკითხე რა ხდება, რატომ არ შემოუშვით ეს ხალხი-მეთქი, მიპასუხეს, რომ მათთან სიები არავის გაუგზავნია.

ოფიციალურ პირებს მიმართეთ იქ?

დიახ, თუმცა, არაოფიციალურად, ანუ იმ ხალხს მივმართე, ვისაც შეუძლია გიპასუხოს. მათ ეს ფაქტი პროვოკაციად აღიქვეს. მეც მებადება კითხვები. როგორც წესი, უარის თქმა ნაკლებად პოლიტიკურ თემებზე და მსგავს თანამშრომლობაზე არც აფხაზური მხარისთვის არის მომგებიანი.

გალიდან ადგილობრივები თქვენ უშუალოდ გიკავშირდებოდნენ?

დიახ, პირდაპირ, გალში მიცნობს ხალხი, რომელიც მირეკავდა, ვეუბნებოდი,  გამოგზავნეთ სია პირადობის მოწმობების ნომრებით და გავაკეთებთ. არასოდეს მქონია ჩავარდნა. ფაქტია, რომ იმ მექანიზმმა არ იმუშავა, რაც წლების განმავლობაში მუშაობდა.

თუნდაც ავიღოთ კარანტინი, რომელიც ამდენ ხანს გაგრძელდა.

რას ფიქრობთ, რატომ ხდება დღეს ასე და არა ისე, როგორც თქვენს პრაქტიკაში იყო?

ძალიან რთული სათქმელია, რატომ ხდება. მე ის ვიცი, რომ პირდაპირი  და მჭიდრო კონტაქტები აღარ არსებობს, სამწუხაროდ. ის კონტაქტები, რაც იყო ჩემ დროს და ჩემამდეც. მე ვიცოდი, რა ხდებოდა სააკაშვილის და იქამდე კიდევ შევარდნაძის დროს. ყოველთვის არსებობდა ურთიერთობები პიროვნულ დონეზე, რა დროსაც მხარეებს შორის გარკვეული საკითხები გვარდებოდა.

ახლა არ არსებობს ნება ასეთი პიროვნული ურთიერთობების?

ის ხალხი, პირობითად ფოსტალიონებიდავარქვათ, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციას ვცვლიდით [ინტერნეტით ყველაფერს ვერ მოაგვარებ], ამბობს, რომ მათზე ნაკლებად გადიან. პირადად მე სამი ან ოთხი ასეთი ადამიანი მყავდა, რომელთა დახმარებით ინფორმაციას ვაგზავნიდი ან ვამოწმებდი. ამასთან, უნდა მქონოდა გარანტია, რომ ეს ინფორმაცია  რუსებამდე არ მივიდოდა. ამ გზებით ვიცოდი გარკვეულ საკითხებზე აფხაზების პასუხები.

მსგავსი გრძელვადიანი კარანტინის შემთხვევები წინა წლებში არ ყოფილა?

ადრე იყო მოკლევადიანი, ერთკვირიანი, მაგალითად. ვრეკავდი, ვეკითხებოდი, რამდენ ხანს გაგრძელდება. მეუბნებოდნენ პასუხს, შემდეგ მე გამოვდიოდი განცხადებით [და ამით ვაღიზიანებდი კიდეც საქართველოში ჟურნალისტებს და საზოგადოებას], რომ ყველაფერი მოგვარებადია. არ ვიწყებდი განცხადებებს ოკუპაციურ რეჟიმზე, ვამბობდი, ინფორმაციას ვფლობთ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ვიმედოვნებთ, ამდენ და ამდენ დღეში მოგვარდება. როგორც წესი, ასეც ხდებოდა.

ამჯერად კი, პირველივე კარანტინზე, ჩვენგან პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. პასუხად კი ჩაიკეტნენ ისინი.  უნდა ვიცოდეთ, რომ მათ აქვთ ამბიციები, თავმოყვარეობა და განცდა, რომ ვითომ დამოუკიდებლები არიან. მსგავს განცხადებებს თბილისიდან უარეს ხისტ ქმედებებს უპირისპირებენ.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გალის შეხვედრები [ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში] გაჩერდა. სწორედ ასეთ ფორმატში უნდა განიხილებოდეს მხარეებს შორის მსგავსი საკითხები. გვრჩება ჟენევა, რომელიც სამ თვეში ერთხელ იმართება და სადაც შედარებით პოლიტიკური საკითხები იხილება.

ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს კარანტინიც აფხაზური მხარის თვითნებური გადაწყვეტილებაა? აქ სადმე რუსულ ფაქტორს ვერ ხედავთ?

მე მგონია, რომ რუსებს აფხაზებთან სხვა უფრო სერიოზული საკითხები აქვთ საკამათო, როგორიცაა მიწაზე საკუთრების თემა, უძრავი ქონება, ტრანსკავკასიური გზის გაყვანა. ამასთან, არის თემები, რასაც უტოვებენ აფხაზებს, რომ მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. აფხაზებში ისედაც არის განცდა, რომ რუსები მართავენ და ასეთ რამეებში ჩარევით რუსეთი კიდევ უფრო განამტკიცებს ამას. ამიტომ, გადასვენების საკითხები თითქმის არ ადარდებთ რუსებს.

რუსები უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ არსებობს საკითხები, სადაც აფხაზებს დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება.

ცხინვალის მიმართულებით ნაკლებად აქვს რუსეთს ეს პოლიტიკა, რადგან აფხაზებისგან განსხვავებით, ოსებს ნაკლებად აქვთ დამოუკიდებლობის განცდა. ისინი პირდაპირ თანახმა არიან ჩაბარდნენ რუსებს.

აფხაზეთში რუსებს არ უნდა ტოტალური კონტროლი. ურჩევნიათ აფხაზებმა აკონტროლონ სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ, რითაც ორ კურდღელს იჭერენ, აფხაზებს უნარჩუნებენ განცდას, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან და თან რუსულ საქმეს აკეთებინებენ. რაც უფრო ხისტი იქნება აფხაზური პოლიტიკა – მით უკეთესი რუსეთისათვის.  

ანუ, მთელი ეს გართულებული სიტუაცია ქართული მხარის ბრალია?

ბრალი შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს, თუმცა ის, რაც ხდება, არის პოლიტიკის შეცვლა.

მე როცა ვიყავი მინისტრი, ორ ძირითად მოწინააღმდეგეს ვაწყდებოდი. ეს იყო უშიშროება და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, როდესაც ჟენევაში წამყვანი სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო. რატომ უნდა იყოს საგარეო უწყება წარმოდგენილი საშინაო კონფლიქტების მოსაგვარებლად? მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს არის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო სჭირდება. ლოგიკურია, მაგრამ როგორც კი პირველივე შეხვედრაზე ჩავიდნენ ჟენევაში, იქ დახვდათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები. ამის გამო პირველი შეხვედრა ჩაიშალა. მერე საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით შეთანხმდნენ, რომ ყველა იქნება წარმოდგენილი ინდივიდუალურად. თუმცა დელეგაციის ხელმძღვანელი მაინც საგარეო საქმეთა სამინისტრო დარჩა.

ჩვენი [თბილისის] პრინციპული პოზიციაა, რომ ეს არის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, თუმცა რუსეთი ასე არ თვლის. ის მიიჩნევს რომ ეს არის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები.

გაერო, ევროკავშირი, ეუთო, რომლებიც ასევე არიან იქ, ხედავენ, რომ კამათი ქართველებსა და აფხაზებს შორის და ქართველებსა და ოსებს შორის მიმდინარეობს. რუსები იქ, როგორც წესი, ჩუმად არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი მართავენ სიტუაციას.

მუდმივად ჩანს, რომ დაძაბული მოლაპარაკებების დროს შენ გელაპარაკება ოსი და აფხაზი. შესაბამისად, ქართულ -აფხაზური და ქართულ -ოსური კონტექსტი იქ მუდმივად არსებობს.

აქ მთავარია, რა გვინდა ჩვენ? მუდმივად ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ რუსეთი აგრესორია? კი ბატონო, ვაჩვენოთ. მაგრამ ჩვენ ამით უფრო მეტს ვიგებთ თუ ვაგებთ? ვკარგავთ აფხაზებსა და ოსებს, მათ ნდობას ჩვენ მიმართ, ჩვენგან უფრო მეტი დისტანცირება და რუსეთთან უფრო მეტი ბმა ხდება. თუ ჩვენ მეტად ვამხელთ რუსეთის  აგრესიას და მსოფლიო რეაგირებს? ვერ რეაგირებს. ნახეთ სირიაში რა ხდება, ყირიმში რა გააკეთა და რა იყო რეაგირება?

ყველას ჰგონია, რომ არ უნდა დავკარგოთ მაღალი ტემპერატურა რუსეთთან მიმართებაში. ეს ტემპერატურა ისედაც არსებობს სხვადასხვა მიმართულებით. რუსული აგრესია ისედაც  ჩანს ყველგან.

მაშინ რა ტიპის განცხადებები უნდა აკეთოს ქართულმა მხარემ, რუსეთის როლის დაკარგვაა გამოსავალი?

სწორედ ესაა, არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ ამავე დროს გავაძლიეროთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტექსტი. რაც ჩემი ამოცანა იყო და რის გამოც, მე ვფიქრობ, მომიწია კიდეც დამეტოვებინა მინისტრის თანამდებობა. ამ პოზიციით მე აშკარად ბევრს ვაღიზიანებდი.

მე ყოველთვის ვიყენებდი და ვიყენებ ტერმინს “კონფლიქტ(ებ)ი”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს არა ერთი კონფლიქტი, არამედ კონფლიქტები, შიდა – ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური,  და საგარეო კონფლიქტი – რუსეთთან. ამას ყოველთვის ვწერდი ჩემს დოკუმენტში მინისტრობის დროსაც. ერთხელ კანცელარიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ საგარეოდან მოვიდა მინისტრის მოადგილე და გადაასწორა ჩემი დაწერილი ტერმინი კონფლიქტები” “კონფლიქტად”. თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ამ საკითხში პრინციპული ვიყავი და დააბრუნეს იგივე ტერმინი. მაგრამ, როგორც კი წამოვედი მინისტრობიდან, ახალმა სახელმწიფო მინისტრმა გამოაქვეყნა 8-პუნქტიანი გეგმა, სადაც ყველგან ეწერა კონფლიქტიდა არა კონფლიქტები. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ოთხი წელი და ამაზე რაიმე პრინციპული უთანხმოება რომ ჰქონოდა დღევანდელ მინისტრს, აუცილებლად მეტყოდა ამის შესახებ, თავის დროზე.

ანუ რა მოხდა თქვენი წამოსვლის შემდეგ?

სავარაუდოდ, უთხრეს, რომ ასე არ არის საჭირო. ანუ, ძალიან იოლად გადავიდა იმ პოზიციაზე. ეს არის მარტივი მაგალითები, უფრო სერიოზული მაგალითებიც იყო, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სურდა მუდმივად ეკონტროლებინა კონფლიქტები, ეს არასწორია. კონფლიქტს ბევრი შრე აქვს და როდესაც ვკარგავთ კონტექსტებს, ამაში კარგი არაფერია.

ახლახან გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა პრემიერ- მინისტრმა, რომ ჩვენ არ გვქონია ეთნიკური კონფლიქტი და ეს არის რუსეთის პროპაგანდა. ეს არის ზღაპარი. სამწუხაროდ, ჩვენთან იყო ეთნიკური კონფლიქტები, უბრალოდ, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. მაგრამ თუ სადმე შეიძლება ეთნიკურ კონფლიქტებზე ასწავლო, საუკეთესო ნიმუშია საქართველოს კონფლიქტები. როგორ გაიყო პარლამენტი, როგორ იყო ცალკე კვოტა აფხაზებისთვის და ცალკე ქართველებისთვის. ეთნიკური წმენდა იყო, ბოლოს და ბოლოს, სად მიგვაქვს ეგ ფაქტი? თუ არ იყო ეთნიკური კონფლიქტი, როგორ იყო ეთნიკური წმენდა? არის საკითხები, რაზეც არ ლაპარაკობ პრინციპულად. არც შევარდნაძეს არ უთქვამს ეს, არც სააკაშვილს, იციან, რომ ეს არ არის მომგებიანი თემა, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ არ გვქონია ეთნიკური კონფლიქტები და ყველამ იცის, რომ გქონდა, ამით ავლენ შენს არაკომპეტენტურობას ან პოლიტიკის შეცვლას.

თუ ჩვენ აფხაზებისა და ოსების დაბრუნება გვინდა, მსოფლიო, რომელიც გვეხმარება, გვეუბნება, უკაცრავად, მაგრამ დაელაპარაკეთ მათ.

როგორ და სად უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს დღეს, იგივე ჟენევაში?

ჟენევაშიც და პირადადაც, მაგალითად, როდესაც პატიმრები გავცვალეთ, ამას სხვა ამოცანაც ჰქონდა. ამით უნდა დაწყებულიყო ახალი პროცესი. ღარიბაშვილი ძალიან დაინტერესებული იყო პატიმრების გაცვლით. ჩვენი ამოცანა იყო, როგორც კი შედგებოდა გაცვლა, პრემიერი ფიქრობდა მისულიყო ენგურზე და დადებითად შეეფასებინა აფხაზური და ოსური მხარეების კონსტრუქციული თანამშრომლობა.

ამით დაიწყებოდა პროცესი?

ან დაიწყებოდა ან არა, მაგრამ ამის შანსები იყო, თუმცა მის დროს ჩავარდა გაცვლა და გადაიდო სხვა დროისთვის . ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, უკვე შემდეგ პრემიერს, კვირიკაშვილს მოუწევდა ამ პროცესში ჩართვა და როდესაც ეს, მიპასუხა – არა, შენ მიხედეო.

მეორე საკითხი იყო ენგურის ხიდის გახსნა თურქეთის ფინანსური მხარდაჭერით. თურქეთმა შემოგვთავაზა, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრებოდა გახსნას, თურქეთიდან ჩამოვიდოდა ვიცეპრემიერი. აფხაზური მხარეც დაინტერესებული იქნებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობით. რუსეთი იქ არ იქნებოდა და თურქეთის კონტექსტი შემოდიოდა პროცესში. ამასობაში მეც წამოვედი და შემდეგ რატომ არ განვითარდა პროცესები – ზუსტად აღარ ვიცი.

სამწუხაროდ, უკვე თანამდებობაზე ყოფნის მიწურულს დაიწყო კვირიკაშვილმა აქტიურობა, იგივე ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ვეძებთ აფხაზებთან შეხვედრის გზებსო. და ეს მაშინ, როდესაც ასეთი გარანტირებულად უნიკალური შანსები გაუშვა ხელიდან. მივხვდი, რომ ფარისევლობდა და არ იყო გულწრფელი.

რა მექანიზმები რჩება დღეს თბილისს?

გასვლა პირდაპირ კონტაქტებზე.

ანუ ქართულმა მხარემ არ უნდა აკეთოს განცხადებები?

მე ვფიქრობ, მინისტრის დონეზე მაინც არ უნდა კეთდებოდეს.  თუ საგარეო მაინც აკეთებს მწვავე განცხადებებს, შენ აღარ უნდა აკეთებდე ამას. როდესაც შერიგების სამინისტრო ხარ, უფრო რბილი უნდა იყო.

საქართველოს მიერ დღეს წარმოდგენილი სამშვიდობო პოლიტიკა როგორია, თქვენი აზრით. ამ სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ქართულმა მხარემ წარმოადგინა, რამდენად აქვს განხორციელების შანსი მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში?

როდესაც პირველად გავაკეთე ამაზე კომენტარი, ვთქვი, რომ ეს ძალიან ჰგავს ნაციონალური მოძრაობის პიარ კამპანიას, რაც არ მოეწონათ. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ბევრი ინიციატივა ჰქონდა აფხაზებისთვის და ოსებისთვის.

რა ინიციატივები იყო მაშინ?

უნიკალური ინიციატივები იყო, მათ შორის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის შეთავაზება, ეკონომიკური ურთიერთობები. მაგრამ რას ვაკეთებდით? აფხაზებს და ოსებს არ ვთავაზობდით. ვაშინგტონში, ბრიუსელში და საელჩოებში გვქონდა პრეზენტაციები იმაზე, რომ აი, რას ვთავაზობთ.

დიახ, სოხუმში იყო განცხადებები იმაზე, რომ ქართულ მხარეს პირადად მათთვის არც კი წარუდგენია ეს ახალი სამშვიდობო ინიციატივები.

ჟენევაშიც კი არ უთქვამთ არც ერთხელ. უცნაურია. ამიტომაც, ეს მშვენიერი იდეები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დროს დაიწყო [განათლებაზე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ბერლინის შეხვედრებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე], ახლა უკეთესი გაკეთებულიც კი არის, ვიდრე წარმოვიდგენდი. მაგრამ როგორც მოხდა მისი შეფუთვა და გამოქვეყნება, ამან ძალიან შემაშფოთა. მაშინვე გაჩერდა სიტუაცია. არ უნდა მისცე აფხაზ და ოსს საშუალება თქვას – არა.

როდესაც დავიწყეთ ჯანდაცვის პროგრამები “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ვაიძულებდით აფხაზებსა და ოსებს აეღოთ ქართული პასპორტი და ზოგი იღებდა კიდეც, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგებოდა. ჩვენ ვთქვით, მოდი, მათივე პასპორტებით ვუმკურნალოთ. არავითარი პრეზენტაცია არ ჩაგვიტარებია. არ გამოგვიცხადებია, რომ აი, ჩვენ დღეს ვიწყებთ აფხაზური ან ოსური პასპორტებით მკურნალობას. თვეების შემდეგ თავად მიხვდნენ აფხაზები და ოსები, რომ რაღაც ახალი პოლიტიკა დაიწყო.

იყო ეკონომიკური თანამშრომლობის ფაქტებიც, მაგრამ როგორც კი ვთქვით, რომ ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებშია, აფხაზებმაც და ოსებმაც თქვეს, ეს მათთვის მიუღებელია. ეს უკვე დირექტივა იყო მათი მხრდან და მოღალატედ ჩაითვლებოდა ყველა, ვინც ამ პროექტებში ჩაერთვებოდა.

გაქვთ ინფორმაცია, იღებენ აფხაზები ქართულ პასპორტებს?

აფხაზეთში დაახლოებით 300-400 კაცს აქვს საქართველოს პასპორტი. მათ შორის არიან ბიზნესმენები, რომლებიც ვაჭრობენ თურქეთში. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა. რუსეთის გავლით ვეღარ მიდოდნენ და მაშინ ბევრი გამოვიდა ჩვენზე – დავეხმარეთ ქართული პასპორტების აღებაში.

დღეს ძალიან ცოტა იღებს, შეიძლება, წელიწადში 100-150 კაცი, რომლებიც ევროპაში მიდიან. პირადად ჩემთან წელიწადში 4-5 კაცი მოდის და პასპორტის აღებაში დახმარებას მთხოვს.

რას ფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში გაამართლებს ეს ინიციატივები?

გრძელვადიანად გაამართლებს, თუკი არ იქნება ამაზე მუდმივი აპელირება.

როგორც ჩანს, ვინაიდან არ გვაქვს იმედი, რომ იმუშავებს ამ ტიპის ინიციატივები, ამიტომ გვირჩევნია უცხოელებმა მაინც ნახონ, რას ვთავაზობთ.

თქვენ რას გააკეთებდით ამ იდეების აფხაზებისთვის და ოსებისთვის გასაცნობად?

პირდაპირ დაველაპარაკებოდი აფხაზ და ოს ბიზნესმენებს  და ვეტყოდი, დავიწყეთ ეს და ეს და მოდი, ვცადოთ, რა გამოვა. მე ნამდვილად მქონდა ასეთი  შეხვედრები და სწორედ ასეთი შეხვედრებიდან წამოვიდა ბევრი იდეაც. მივცემდი გარანტიებს, რომ ეს არ გახმაურდება ჩვენი მხრიდან. არასდროს არ “ჩამიშვია” აფხაზები და ოსები და, შესაბამისად, დამსახურებული ნდობა მაქვს მათი. კონფლიქტებში ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ვინმე არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, თქვენი აზრით, ვინც ასეთი ნდობით სარგებლობს აფხაზურ თუ ოსურ მხარეებთან და პირადი კონტაქტები აქვს?

დავით დონდუა იყო ასეთი, რომელსაც ძალიან ენდობოდნენ. ასეთი იყო თავის დროზე ირაკლი ალასანია. დღეს არ ვიცნობ ასეთებს.

ბევრჯერ გითქვამთ, რომ ქართული მხარე არ არის თამამი თავის მოქმედებებში და უფრო მეტი მიზნის მიღწევა შეიძლება კონფლიქტების საკითხებში. რა იქნებოდა ეს თამამი ნაბიჯები და თქვენ რა გიშლიდათ ხელს, გაგეკეთებინათ ეს?

თამამი ნაბიჯი იყო სწორედ ის კონცეფცია, რომელიც დავწერე ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში და რომელმაც ვერ მოიპოვა მხარდაჭერა მთავრობაში.

მაგალითად, აფხაზები და ოსები, მართალია, ფარისევლურად, მაგრამ ითხოვენ, რომ მოვაწეროთ ხელი ამ ყბადაღებულ ტექსტს ძალის არგამოყენების შესახებ. რაც უფრო დიდხანს ვეტყვით უარს, ამით არაფერი შეიცვლება. ჩემი ინიციატივა იყო, მოდი, იქნებ აქაც ჩვენი ინტერესები გავატაროთ. ტექსტში ჩავდოთ ის, რომ სანაცვლოდ დაცული იქნება გალის რაიონის მოსახლეობის უფლებები – განათლების უფლება, საკუთრების უფლება. მერე გვენახა შედეგები, რას იტყოდნენ ამაზე. ვის მოუნდებოდა ამ ტიპის მოლაპარაკებაზე წამოსვლა.

და ისევ ჩიხი იქნებოდა

კი, მაგრამ არა ჩვენი მიზეზის გამო, მათი მიზეზით იქნებოდა ჩიხი. ვეტყოდით, შენ ხომ გალელებს შენს მოქალაქეებად მიიჩნევ, რატომ არ გინდა, რომ დაცულები იყვნენ ისინი? უამრავი ტექსტი არსებობს, შევარდნაძე აწერდა ხელს არძინბასთან, ჩიბიროვთან და ქვეყანაში ტრაგედია ამის გამო არ შექმნილა.

დევნილების საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს თქვენი კონცეფციით?

ჩვენ მუდმივად შეგვაქვს რეზოლუცია დევნილების საკითხზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ჩვენ გვაქვს შანსი, ეს თემა განვიხილოთ ჟენევაშიც, თუმცა აფხაზები და ოსები გვეუბნებიან, ან აქ (ჟენევაში) ილაპარაკეთ დევნილებზე, ან იქ (გაეროში) და ტოვებენ დევნილების განხილვის სესიას. ოპონენტები ამბობენ, რომ თუ გაეროში არ განვიხილავთ ამ თემას, რუსეთის აგრესიაზე ტემპერატურას დავაგდებთ. არადა, ჩვენი წარმატების ერთადერთი კრიტერიუმი არის, რომ ყოველ წელიწადს დამატებით თითო-თითო სახელმწიფო მხარს უჭერს ჩვენს რეზოლუციას. თუმცა, რაღატომღაც ყურადღებას არ ვაქცევთ, რომ რუსეთიც ზუსტად ასეთ წარმატებას აღწევს ჩვენი რეზოლუციის წინააღმდეგ. უკვე დავითვალე – თუ ყოველ წელს ჩვენი და რუსული დიპლომატია სინქრონში იზეიმებენ წარმატებებს, ამისთვის მათ გარანტირებულად 50 წელი აქვთ! ამით რა სარგებელი თავად დევნილებს?!

იქნებ გადავდგათ თამამი და არაორდინარული ნაბიჯი   გავაცოცხლოთ ჟენევა, სადაც წელიწადში სამჯერ შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხი.  თუ არ გამოიღო შედეგი, უკვე ვერავინ ვეღარ გვისაყვედურებს, თუ რატომ განვიხილავთ გაეროში ამ საკითხს.

მესამე თამამი ნაბიჯი აფხაზეთში ევროკავშირის შემოშვება იქნებოდა. აი, ევროკავშირის წევრმა კვიპროსმა შეუშვა ჩრდილოეთ კვიპროსში ევროკავშირი, სადაც დღეს ყველა ინსტიტუტი მუშაობს. მოდი, სანამ გავხდებით ევროკავშირის წევრი, უკვე იქამდე შევუშვათ ევროკავშირი აფხაზეთში. ამით რუსეთისგანაც უფრო მეტად გავიყვანთ აფხაზეთს.

რა ფორმით უნდა მოხდეს ეს, თქვენი აზრით?

თბილისის პოლიტიკის გამტარებელი იყოს ევროკავშირი იქ.

და რუსეთი ამას ხელს არ შეუშლის?

რა თქმა უნდა, შეუშლის, მაგრამ არც აქ იქნება ჩვენი ბრალეულობა. აფხაზებს ეცოდინებათ, ვის არ უნდა ევროპა იქ. მთელ ამ პროცესში აღმოჩნდება, რომ ჩვენ მართლები ვართ და კიდევ უფრო მეტად ვაჩვენებთ რუსეთის სახეს.

ზოგადად, რისი გვეშინია, თუ ევროკავშირი აფხაზეთში შევა?

ზოგადად, თბილისში ჰგონიათ, რომ თუ რამე გავაკეთეთ, ეს რისკების შემცველია,  ხოლო, თუ არაფერი ვაკეთეთ – ამით რისკებს ვიცილებთ თავიდან. არადა, პირიქითაა. თან, ჩვენ ხომ ვენდობით ევროკავშირს, ვიცით, რომ გამორიცხულია ევროკავშირმა ხელი შეუწყოს აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესს. უბრალოდ, ქართული პოლიტიკის მთელი უბედურება ისაა, რომ არავითარი მსჯელობა, ჩაღრმავება არ ხდება კონკრეტულ საკითხებში. არსებობს გაყინული პოლიტიკური დოგმები და მათი განხილვაც კი რისკების შემცველია.

ჩვენი პრობლემა არა მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან, ერთმანეთთან მსჯელობისა და საუბრის უუნარობაცაა. ერთადერთი საჯარო პასუხი ოპონენტებისგან კი ლანძღვა-გინებაა.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რუსეთმა მავთულხლართი რომ არ გაავლოს და ადგილობრივები რამდენიმე დღით რომ არ დააკავოს, კონფლიქტების არსებობა არც კი გაგვახსენდებოდა. მხოლოდ ასეთ ფაქტებზე ვრეაგირებთ და სხვა არაფერზე ვმსჯელობთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი