ახალი ამბები

კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე დეკლარაცია გაფორმდა

4 მარტი, 2019 • 1862
კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა  დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან  დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არარსებულ სატრანსპორტო ქსელებში.

ასევე, აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება – ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.

შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა.  2018 წლის 24-25 ოქტომბერს აშხაბადში გაიმართა კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა. ახლად დაფუძნებული ოთხმხრივი შეხვედრების ფორმატში რუმინეთის,  საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო მინისტერიალი თურქმენეთში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი