ირაკლი ალასანია “Ice Bucket Challenge”- ში, იგივე “წყლის გადასხმის აქციაში” ჯეიმს აპატურაიმ გამოიწვია, ალასანიას გამოწვევა ასევ ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა გაუგზავნა. აპატურაი კი, თავის მხრივ, პირველი არხის ჟურნალისტმა ქეთი ქარდავამ გამოიწვია.
“Ice Bucket Challenge” საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი სათლი ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე ის ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს. წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს.
წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე, მან თანხა უნდა გადარიცხოს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში “ALS Association“, რომელიც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეს ასევე შეუძლია გადაისხას წყალი და გადარიცხოს ფულიც. წესების მეორე ვერსიის მიხედვით, იმ შემთვხვევაში, თუ მონაწილე წყლის გადასხმაზე უარს არ იტყვის, მას შეუძლია მხოლოდ 10 დოლარი გადარიცხოს, ხოლო თუ წყალს არ გადაისხამს, 100 დოლარის გადარიცხვა ევალება.
აღნიშნულ აქციას ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელმაც ბილ კლინტონი გამოიწვია. “წყლის გადასხმის აქციაში” საქართველოშიც არაერთი პოლიტიკოსი გამოიწვიე, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აქციას უერთდება, თუმცა წესები არ შეასრულა და წყალი არ გადაისხა, იგივე გაკეთა პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ, აქციაში ჩაერთნენ და წესები პირნათლად შეასრულეს დეპუტატებმა თინა ხიდაშელმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა, სერგო რატიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ. ასევე გიგა ბოკერიამ, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ფარგლებში “წყლის გადასხმის აქციით” მოქალაქეები ფონდ wehelp– ს ეხმარებიან, რომლის მთავარი მისიაა, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარები საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით დააკავშიროს.
