საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები 2 თვეა დაიწყო და, როგორც მთავრობაში აცხდებენ, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ღარიბაშვილი მუცოს დღეს, 27 აგვისტოს პირადად ესტუმრება და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, კულტურის მინისტრსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე გაეცნობა.
ოფიციალური ინფორმაციითვე, მუცოში უკვე დამონტაჟებულია 70-მეტრიანი ბაგირი, რომელიც “ურთულეს სარეაბილიტაციო ობიექტზე – სალ კლდეზე სამშენებლო მასალის აზიდვას უზრუნველყოფს.”
პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო პროცესიც ტრადიციული მასალით ხორციელდება – ფიქალის მასიური ქვები ამავე მხარეში მოიპოვება. მუცოს რეაბილიტაციაზე მომუშავე ჯგუფებისთვის ადგილზე აშენებულია საცხოვრებელი კოტეჯები, ადმინისტრაციული შენობა და სასადილო. ექსპედიციაში მუშაობს მედპუნქტი, სადაც შესაბამისი განრიგით ორი ექიმი მორიგეობს. 24-საათიან რეჟიმში ჩართულია მობილური გენერატორი, რომელსაც 2015 წელს, მუცოს სრული განათების მიზნით, მუდმივი ელექტროსადგური ჩაენაცვლება. 26 აგვისტოს, მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, მუცოს ელექტრიფიკაცია სრულად დაფინანსდება და სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდება,”- წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ციხე-ქალაქ მუცოს რეაბილიტაციის პროექტის ინიციატივის შესახებ პრემიერმა 10 ივნისს განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, პირველ ეტაპზე შეჩერდება ძეგლის რღვევის პროცესი და დაიწყება ჩამოშლილი კოშკების აღდგენა. პროექტი სამწლიანია, რის შემდეგაც, როგორც მთავრობაში აცხადებენ, საქართველოს ექნება პირვანდელი სახით აღდგენილი მუცო შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
მუცოს ციხე-ქალაქი დუშეთის რაიონში, პირიქითა ხევსურეთში, არდოტის წლის ხეობაში მდებარეობს. დასახლებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შუასაუკუნეების 40-მდე საყოფაცხოვრებო, გამაგრებული შენობაა. “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა” პეტიცია მუცოს გადასარჩენად ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში შექმნა. პეტიციის ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ კულტურის სამინისტრო მიერ გამოყოფილი 200 ათასი ლარი ძეგლის აღსადგენად საკამრისი არ იყო და უფრო მეტი თანხის გამოყოფას ითხოვდნენ.
