Interviewsახალი ამბები

სკოლა საგარეჯოში, სადაც ესტონური მოდელით ასწავლიან

4 მარტი, 2019 • 2981
სკოლა საგარეჯოში, სადაც ესტონური მოდელით ასწავლიან

“რაც მასწავლებლები ესტონეთიდან დაბრუნდნენ, გაკვეთილებზე უფრო მეტად ვერთობით და ისე ვსწავლობთ “, – ამბობს გიორგი, საგარეჯოს მეოთხე საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლე, რომელმაც მანამდე იაკობ გოგებაშვილის “საგანძურის” ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით ელექტრონული ილუსტრაცია ააწყო და კლასს პრეზენტაციის სახით წარუდგინა.

ზემოაღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ 15 სკოლას შორის, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის მთავრობის, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში 2017 წელს შექმნილ პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული მეთოდოლოგია დაწყებით კლასებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, ამავე კლასების მასწავლებელთათვის ახალი სასწავლო გზამკვლევების მიწოდებასა და სხვა მსგავს მიმართულებებს აერთიანებს.

პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებში აღნიშნული სკოლების 250 მასწავლებელი მონაწილეობდა, 50 პედაგოგი და დირექტორი კი ახალი გამოცდილების მისაღებად ესტონეთს ეწვია. მათ შორის იყო საგარეჯოს მეოთხე სკოლის პედაგოგი ირმა შველიძე.

“ახლა უფრო თავისუფლები ვართ, მარწუხები აღარ აქვს მასწავლებელს. არ გაქვს დოგმა, აქედან აქამდე, ამ ფორმით ასწავლე. ასწავლე, როგორი ფორმითაც გინდა, ოღონდ გადი შედეგზე. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას”, – უყვება მასწავლებელი “ნეტგაზეთს”.

ირმა შველიძე მოსწავლესთან ერთად, ილუსტრაციის პრეზენტაციის წარდგენისას. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბიაირმა შველიძე მოსწავლესთან ერთად, ილუსტრაციის პრეზენტაციის წარდგენისას. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პედაგოგი “ნეტგაზეთს” იმ ცვლილებების შესახებ უამბობს, რომლებიც სკოლაში უშუალოდ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაინერგა: მოსწავლეები კლასში ტრადიციული რიგების ნაცვლად მცირე ჯგუფებად სხედან და მათი ინტერესების შესაბამის საკითხებზე მუშაობენ; მეტი ადგილი დაიკავა დამხმარე ტექნოლოგიებმა:  ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ილუსტრაციებისა და მცირე ანიმაციების მომზადებას სწავლობენ, შედეგს კი პრეზენტაციის სახით წარადგენენ. სასწავლო გარემო საკლასო ოთახს გასცდა და თემატიკის შესაბამისად, გაკვეთილები სხვა სივრცეებშიც, მათ შორის, ღია ცის ქვეშ ტარდება.

“როცა ახალი პროგრამა ჩაიტვირთა და მოსწავლეებს შემოვუტანე, იმდენად სხვანაირი თაობაა, უცბად აუღეს ალღო. ჩემს თანამშრომლებს სულ ვეუბნები ხოლმე, ნუ შექმნით პრობლემას, სივრცეები მიეცით ბავშვებს და თვითონ აღიქვამენ ამას. მე არანაირი მითითება არ მიმიცია მათთვის. ჩავურთე პროგრამა და ვკითხე: აბა, რას გააკეთებთ ამით? უამრავი რამ შექმნეს. მე ამ ყველაფერს დისკებზე ვტვირთავ და ვუგროვებ მათ, როგორც ინფორმაციას. ორმაგად და სამმაგად დიდ შედეგს ვიღებთ, როცა ასე ვმუშაობთ”,  – ამბობს ირმა შველიძე.

მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობისას. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ესტონელი კოლეგებისაგან გამოცდილება ძირითადად დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა გაიზიარეს, თუმცა ცვლილებას, გარკვეულწილად, მაღალი კლასების მოსწავლეებიც გრძნობენ.

“…იმ მასწავლებლებმა, რომლებიც წასულები იყვნენ, გაუზიარეს გამოცდილება სხვებს და ჩვენთანაც უფრო ხშირად იყენებენ სლაიდ შოუებს, პრეზენტაციებს… ჩვენ თვითონაც ვაკეთებთ, მასწავლებლებიც გვიტარებენ და ძალიან მოგვწონს.

პირველ რიგში, სახალისოა ეს ყველაფერი. უფრო მეტად გებეჭდება მასალა გონებაში, ვიდრე წაკითხვითა და დაზეპირებით. როცა საკუთარი თვალით ხედავ, სხვადასხვა აქტივობებში ერთვები, მეტად გებეჭდება და ხანგრძლივად რჩება შენს მეხსიერებაში” , – ამბობს ნია დიღმელაშვილი, X კლასის მოსწავლე.

გასულ კვირას სკოლას ესტონეთის ელჩი საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელთან ერთად ესტუმრა და მხარეებს შორის თანამშრომლობის შედეგებს გაეცნო. კაი კაარელსონს მიაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოსთვის ესტონეთის გამოცდილება უფრო მეტად გამოსადეგია, ვინაიდან მათ ერთნაირი წარსული აერთიანებთ – საბჭოთა განათლების სისტემა და მისი შედეგები.

“ჯერ კიდევ 90-იან წლებში ესტონეთში ასევე გვიწევდა ძველი, საბჭოთა სტილის სისტემის გამოყენება, თუმცა შემდგომ ის უფრო თანამედროვე გავხადეთ. საქართველოში ვხედავ, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ესტონეთი კი კარგი მაგალითი შეიძლება იყოს მისთვის.

ამ სკოლაში ვხედავ საერთო ელემენტებს, რომლებიც ჩვენი სკოლებიდანაა წამოღებული. მაგალითად, ბავშვები კლასებში მცირე ჯგუფებად სხედან. ისინი კომპიუტერებთან მუშაობენ, აკეთებენ იმას, რაც არ უკავშირდება მაინცდამაინც კონკრეტულ საგანს, ეს აქტივობები უფრო ინტერაქციულია.

…ვხედავ, რომ ბავშვები უფრო ბედნიერები არიან. ძალიან კარგი გამოცდილებაა, ვიყო აქ და საკუთარი თვალით ვნახო, როგორ ხორციელდება ეს ცვლილებები”, – აღნიშნა მან.

ესტონეთის ელჩი საქართველოში, კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი მოსწავლეებთან შეხვედრისას. ფოტო: UNICEF GEORGIA

გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელის, მაკო ყუფარაძის თქმით, საქართველოს სკოლებისათვის ესტონეთის მოდელი მისი განსაკუთრებული წარმატებულობიდან გამომდინარე შეირჩა. მისი თქმით, სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს, რათა მოსწავლეს მიღებული ცოდნა სკოლის კედლების გარეთაც გამოადგეს.

“ჩვენ დავიწყეთ კვლევა ესტონელებთან ერთად, თუ რამ განაპირობა მათი ასეთი წარმატება. მოკლედ რომ გითხრათ, სახელმწიფო დონეზეა აყვანილი განათლება: ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩაიდოს განათლების რეფორმაში. მთავარი მიზანია, ხელი შეუწყონ მოსწავლეში ძირითადი სასწავლო კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეს სჭირდება სხვა საფეხურებზე საკუთარი პოტენციელის განვითარებისა და რეალიზებისთვის. ეს კი ხელს შეუწყობს მის აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას, რომელიც კარგი განათლებით იოლად იშოვის სამსახურს, შესაბამისად, ეკონომიკური სტაბილურობაც ექნება და ამით მოგებული დარჩება არა მხოლოდ თავად ან მისი ოჯახი, არამედ ქვეყანა”, – აცხადებს ის.

განათლების სამინისტრო 2019 წელს აღნიშნული მოდელის დანერგვას 50 სამოდელო სკოლაში გეგმავს. 2020 წლიდან კი, უწყების განცხადებით, ამ მოდელის გავრცელება იგეგმება “ყველა სკოლაში ქვეყნის მასშტაბით”. სამინისტროს ინფორმაციით, ამისათვის უკვე მზადდებიან “მხარდამჭერი ჯგუფები”, რომლებიც I-IV კლასების პედაგოგებთან იმუშავებენ. სამუშაო საკითხებს შორის იქნება სასწავლო გეგმის განვითარება, სკოლის ეფექტიანი მართვა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლების პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი