ახალი ამბები

ეხება თუ არა რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვაზე EU-ს რეკომენდაცია საქართველოს

25 აგვისტო, 2014 • • 899
ეხება თუ არა რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვაზე EU-ს რეკომენდაცია საქართველოს

ზემოხსენებული დოკუმენტი 15 აგვისტოთი თარიღდება და ის ევროსტრუქტურების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

“ევროკავშირი სინანულს გამოხატავს რუსეთის ფედერაციის განცხადების გამო იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესვლის კუთხით სანქციების დაწესებას ეხება. იმისათვის, რომ უზნრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა და საერთაშორისო სამართლის დაცვა, ევროკავშირი მესამე და კანდიდატი ქვეყნებისაგან მოელის, რომ ისინი თავს შეიკავებენ ისეთი ზომებისაგან, რომლებიც მიზნად იმ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებას ემსახურება, რომლებიც აღნიშნული [რუსეთის საპასუხო სანქციები] ზომების შედეგად წარმოიშვა”, – ნათქვამია ევროკავშირის დასკვნაში.

ევროკავშირის ზემოხსენებული მესიჯი 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს პრესმდივანმა პიტერ სტანომაც გაიმეორა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ რუსეთმა ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას თავის ბაზარზე შეტანის თვალსაზრისით შეზღუდვები დაუწესა. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც რუსეთმა პროდუქციის ექსპორტი აკრძალა, არ მოხვდნენ, ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი და ევროკავშირის არაწევრი სხვა სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო. ევროკავშირი თავის განცხადებებში რუსეთის ბაზარზე სწორედ ევროპელი ექსპორტიორების ჩანაცვლების დაუშვებლობაზე საუბრობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბრიუსელის მესიჯი თბილისს არ ეხება, რომელიც რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს:

 

„ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 აგვისტოს.

“მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე. ოფიციალურად როდესაც ვნახავთ, მთავრობა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმსჯელებენ ამ საკითხზე” – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

“ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დღეს ძალიან ბევრი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომლებიც იქნება ოფიციალურად მომართული საქართველოს მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი ოფიციალური არ ყოფილა და ახალს მე ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერაფერს ევრ გეტყვით” – განაცხადა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

ევროკავშირის მხრიდან დამატებითი განმარტება, ეხება თუ არა ზემოხსენებული რეკომენდაცია კონკრეტულად საქართველოსაც, ჯერ არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი