„ჩემი ბედნიერი ოჯახი” – ასე ქვია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალ ქართულ მხატვრულ ფილმს, რომელმაც სარაევოს მე-20 კინოფესტივალზე ევრიმაჟის პროექტის განვითარების პრიზი მოიპოვა.
ეს პრიზი მთავარია პროექტების განვითარების ჯილდოებს შორის და 30 000 ევროს შეადგენს.
სარაევოს კინოფესტივალის პროექტების განვითარების პლატფორმამ, Cine Link-მა 18 ქვეყნიდან შემოსული 200 პროექტიდან თავდაპირველად 17 პროექტი შეარჩია, ხოლო ხუთკაციანმა ჟიურიმ 17 შერჩეული პროექტიდან საუკეთესოდ ნანა ექვთიმიშვილის სცენარი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დაასახელა.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ 2014 წელს დაფინანსების ეტაპს გაივლის, 2015 წელს კი დაგეგმილია ფილმის საქართველოში გადაღება.

