შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოში სამი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ დღეს, 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქურდული სამყაროს წევრები სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
მისი თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად “ბონჩო”), სტავრო ბაირამიდთან – (ზედმეტსახელად “როკო”), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს პასუხისგებაში მიეცა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი, დაკავებულია “ქურდული სამყაროს” 52 წევრი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია.