თბილისის საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენის” დასაქმებულების გაფიცვა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იუწყება.
პროფკავშირების ინფორმაციით, მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის სამსახურის შენარჩუნების პირობა და ანაზღაურება.
“ს.ს. თამ ავიამშენის დასაქმებულების 3-დღიანი გაფიცვა დასაქმებულების გამარჯვებით დასრულდა!
დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შედგა შეთანხმება!
კერძოდ:
1. გაფიცვაზე წარმოდგენილ დასაქმებულებს პირობა მიეცათ, რომ არ გათავისუფლდებიან სამსახურიდან.
2. სახელფასო ფონდისთვის პროექტიდან გამოიყო 410 ათასი ლარი, რომლის 80% გადანაწილდება დასაქმებულების ხელფასებზე, დანარჩენი 20% პრემიალური სისტემის დანერგვისთვის იქნება განკუთვნილი.
3. დაიწყება კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მუშაობა.
გილოცავთ და ვულოცავთ დასაქმებულებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – აცხადებენ პროფკავშირებში.
სამკვირიანი უშედეგო მედიაციის შემდეგ, თბილისის საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენის” თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა 27 თებერვალს დაიწყეს. კომპანიის ხელმძღვანელობა მხოლოდ საპრემიო ფონდის შექმნაზე იყო თანახმა, რაც დასაქმებულებს არ აკმაყოფილებდათ. ისინი გაზრდილ სტაბილურ შემოსავალს ითხოვდნენ. დამსაქმებელი გაფიცულთა დროებით ჩანაცვლებაზე ფიქრობდა.