ახალი ამბები

თემურ ჯანაშიას 20 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

23 აგვისტო, 2014 • • 923
თემურ ჯანაშიას 20 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკამაყოფილა. საგამოძიებო უწყება ჯანაშიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, მოსამართლე კი მხოლოდ 20 000 ლარიანი გირაოთი შემოიფარგლა. დავით მგელიაშვილმა ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პასპორტის ჩაბარებასთან და ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში 10 დღეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. 

 

როგორც თავად ბრალდებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ:

 

“პროკურატურა რასაც მიიჩნევს დანაშაულად, ამ საბუთების ამოღება მოხდა 2 წლის წინ, ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს დიდი ხანია. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გადავკვეთე საზღვარი. პირველივე გამოძახებაზე ვცხადდებოდი სამართალდამცავ ორგანოებში, გამოძიებისთის ხელი არ შემიშლია, პირიქით, ვთანამშრომლობდი, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რაიმე სახის აღკვეთის გამოყენება ჩემზე უკანონოა”. 

 

პროკურატურის გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს. აღნიშნული საქმის გამო დაყადაღებულია სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელის ქონება და ანგარიშები. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჯემალ კობიაძემ ქონების დაყადაღების გადაწყვეტილების მართებულობაზე ისაუბრა. 

 

“ჩადენილია ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, დიდი ოდენობით ფულადი სახსრებია გაფლანგული, 8 მილიონზე მეტი. საგამოძიებო ორგანო ამ შემთხვევაში უფლებამოსილია და ვალდებულიც არის, რომ მან მიიღოს ზომები ზიანის შესაძლო ანაზღაურების მოტივით და ამის გამო მოხდა აღნიშნული ქონების და ფულადი სახსრების დაყადაღება”,- განაცხადა პროკურორმა ჯემალ კობაიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი