დღევანდელი აქციის მონაწილეებმა, ასევე, საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, არაორაზროვნად დაუჭიროს მხარი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის ბრძოლას რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, ისინი კმაყოფილდებიან განცხადებებით, თითქოს უკრაინას უჭერენ მხარს, მაგრამ რეალურად, ისინი პრინციპულად უარს აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუხატონ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. მათ არ ესმით, რომ გარდა მორალური ვალდებულებებისა, ესაა ჩვენი პრაგმატული, ნაციონალური სახელმწიფოებრივი ინტერესი და ეს ძალიან სამწუხარო და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა კი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოთხოვა გამოყოს სახსრები ბიუჯეტიდან იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც უკრაინის კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალდნენ:
“1989 წელს ვილნიუსიდან ტალინამდე ცოცხალ ჯაჭვში დადგა 2 მილიონამდე ადამიანი, რითაც ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის თავისუფლება მოითხოვა. დღეს უკრაინა, ჩენი მოძმე ქვეყანა ებრძვის იგივე ძალას თავისუფლებისთის და ჩვენი თავისუფლებისთვისაც. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ერთმნიშნელოვნად დაგმოს უკვე რუსეთის ღია სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ახლა მაინც გამოყოს სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რათა სისხლისღვრით დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაცია მაინც მოხდეს საქართველოში”,- ამბობს კანდელაკი.
1989 წლის 23 აგვისტოს, 1939 წელს ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის 50-წლისთავზე, ტალინიდან რიგის გავლით ვილნიუსამდე, დაახლოებით ორი მილიონი ესტონელი, ლატვიელი და ლიტველი ჩადგა რიგში ხელიხელჩაკიდებული 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გასაპროტესტებლად, რომლითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ურთიერთშორის გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა და შესაბამისად – ბალტიისპირეთიც.
“წელს თავისუფლების ჯაჭვის 25 წლისთავი აღინიშნება. თავისუფლების მოყვარე ადამიანები ცოცხალ ჯაჭვში დადგებიან ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, კიევში, კიშინიოვში, ვარშავასა და თბილისში. 25 წლის წინანდელი მოვლენის გახსენების გარდა, ამ ქალაქებში შეკრებილები გამოხატავენ სოლიდარობას უკრაინის მიმართ, რომელიც ამჟამად იბრძვის თავისუფლებისთვის იგივე ძალის წინააღმდეგ, რომელიც 1989 წელს ცდილობდა ტირანიის გადარჩენას.აქციის მონაწილეები ასევე მადლობას გადაუხდიან ლიტველ, ლატვიელ და ესტონელ ხალხებს წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს, საქართველოს თავისუფლების აქტიური და უანგარო მხარდაჭერისათვის”. – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

