ახალი ამბები

კამპანია “აიცილე მურუსიძის” ფარგლებში ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

1 მარტი, 2019 •
კამპანია “აიცილე მურუსიძის” ფარგლებში ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

3 იურისტი იწყებს ადვოკატების ხელმოწერების შეგროვებას კამპანია “აიცილე მურუსიძის” ფარგლებში. ადვოკატებმა- გიგი სისვაძემ, ალექსანდრე კობაიძემ და სალომე აბესლამიძემ პრესკონფერენცია “კვირის” პრესკლუბში გამართეს და ხელმოწერების შეგროვება დააანონსეს.

“ეს ის დროა, როცა ადვოკატები უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ ადვოკატებთან”, – განაცხადა ადვოკატმა გიგი სისვაძემ.

მისი თქმით, მათი კამპანიისადმი სოლიდარობა არაერთმა ადვოკატმა გამოხატა, თუმცა ზუსტი რაოდენობა დადგინდება ხელმოწერების პროცესის დასრულების შემდეგ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ადვოკატი პროცესზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის აცილებას ითხოვს, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი “პროვოკაციულს” უწოდებს იმ ადვოკატების ქმედებას, რომლებმაც წამოიწყეს კამპანია “აიცილე ლევან მურუსიძე”. გვრიტიშვილის თქმით,  სასამართლო სხდომებზე ადვოკატები მურუსიძის ასაცილებლად შუამდგომლობებს აყენებენ.

“ეს კამპანიაც არის იმ ბინძური, უსაფუძვლო კამპანიის ნაწილი, რაც ბოლო წლებია წარმოებს ლევან მურუსიძის მიმართ. ადვოკატები განაგრძობენ თავდასხმას სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ახლა უკვე ამ ფორმით, როგორც ჩანს. ანა დოლიძეს და მავანთ ჰგონიათ – ამით ,,დისკომფორტს“ შეუქმნიან ლევანს.

ეს ხომ მიამიტობაა: ლევანმა, ჩვენ უკვე იმდენნაირ ზეწოლას გავუძელით პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობოებისგან და ადვოკატებისგანაც, ამასაც ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ადვოკატების ამგვარი პროვოკაციის გამო ერთი მისხალით არ დაზარალდება მხარეთა უფლებები!”, – დაწერა დიმიტრი გვრიტიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე.

მისივე თქმით, ეს არის “აცილების პროცესუალური ინსტიტუტის ბოროტად, გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად გამოყენება.”

ამავე სტატუსის კომენტარებში იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი წევრი, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება.

“მე მიმაჩნია, რომ ასეთ შუამდგომლობას მოსამართლის მხრიდან უნდა მოჰყვეს შუამდგომლობის ავტორის დაჯარიმება 500 ლარით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო! ეს არის ყველაზე კარგი “წამალი” ამ შემთხვევაში!” , –  წერს მეთოფიშვილი.

ადვოკატებმა მეთოფიშვილის ზემოხსენებული განცხადება მუქარად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი