საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საფრანგეთში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
“საფრანგეთის ჟანდარმერიისა და ქართველი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქართველი პოლიციელების აქტიური ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 13 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საფრანგეთში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, „ქურდული სამყაროს“ წევრი – ბ.ჩ”, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.
“სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი”.
საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.
“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქართველმა და ფრანგმა სამართალდამცველებმა საფრანგეთში მოქმედი ამავე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი ქურდობის ფაქტებზე ამხილეს, რომელთა დაკავების მიზნით გრძელდება ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენისა და მასშტაბური სპეცოპერაციის დაგეგმვის მიზნით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ჟანდარმერიამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები განახორციელეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების იდენტიფიცირებასა და მათი კრიმინალური კავშირებისა თუ კრიმინალური სტატუსის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებაში.
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან.
საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, – აცხადებენ შსს-ში.