ახალი ამბები

რა უნდა გააკეთონ ბავშვებმა მონასტრებში, რომლებიც იქ საპატრიარქომ წაიყვანა

22 აგვისტო, 2014 • • 1207
რა უნდა გააკეთონ ბავშვებმა მონასტრებში, რომლებიც იქ საპატრიარქომ წაიყვანა

თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, თბილისის მერიისა და საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების 10-18 წლამდე ასაკის დაახლოებით ორმოცი ბავშვი  დღეს სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებში გაემგზავრა.

 

“მოზარდები ერთი კვირის განმავლობაში სამონასტრო ცხოვრებას ეზიარებიან. ბავშვები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გააცილეს,” – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მერიის ინიციატივით ორმოცამდე ბავში მონასტრებში გაემგზავრნენ
მერიის ინიციატივით ორმოცამდე ბავში მონასტრებში გაემგზავრნენ

 

როგორც მერიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის, ხოლო მერიამ ბავშვების შერჩევაში მიიღო მონაწილეობა:

 

“პროექტს საპატრიარქო ახორციელებს. მათ მოგვმართეს  და ბავშვების შერჩევა გვთხოვეს. ჩვენი მონაწილეობა სულ ეს იყო,” – ამბობს მაგდა პოპიაშვილი, მერიის წარმომადგენელი.

 

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი განმარტავს, რომ ბავშვები სამონასტრო ცხოვრებას გაეცნობიან, დაისვენებენ და ბერ–მონაზვნებს დაეხმარებიან:

 

“ვაჟებს მამათა და გოგონებს დედათა მონასტერში ვანაწილებთ. ეს ბავშვები ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახებში ცხოვრობენ და ამ ოჯახებს შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ისინი ზაფხულში დასასვენებლად წაიყვანონ. ეს ერთგვარი სოციალური მსახურებაც არის, ბავშვები იქნებიან მონასტერში, გაეცნობიან მონასტერს, ცოტას დაისვენებენ, ცოტას კიდევაც მიეხმარებიან ბერ–მონაზვნებს მეურნეობის წარმოებაში. საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ პატარა შეღავათს მივცემთ ოჯახებს. “

 

კითხვაზე, თუ ვისი ხარჯებით ხორციელდება პროექტი, ბოტკოველი პასუხობს:

 

“მგზავრობის ხარჯს ალბათ მერია გადაიხდის, სხვა ხარჯები არაფერია საჭირო, ერთ ლუკმას ვინ დააყვედრის ბავშვებს?”

 

პირის რელიგიური აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული პერსონალური მონაცემია, რომელიც კანონითაა დაცული. კითხვაზე, საიდან იცოდა თბილისის მერიამ, რა აღმსარებლობის ოჯახებისთვის მიემართა პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოპიაშვილი პასუხობს:

 

“მშობლებს როცა ვესაუბრეთ, ეს არ დაუმალავთ. ჩვენ სხვა რელიგიურ კონფესიებსაც ვეხმარებით, ეს განსაკუთრებული და გამორჩეული შემთხვევა არ არის, უბრალოდ, საპატრიარქომ გვთხოვა [მოვლენის] გაშუქებაში დაგვეხმარეთო.”

 

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშილი ამბობს, რომ თუ ბავშვთა ინტერესების გათვალისწინება მოხდება, ასეთი პროექტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

 

“თუ საჭიროების და ინტერესების გათვალისწინებას ექნება ადგილი, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. თუ კარგ პირობებში იცხოვრებენ, კარგი კვება ექნებათ და მათ არ დააძალებენ რაღაცებს, კარგი იქნება. ბავშვს შეიძლება კონკრეტულ მომენტში ლოცვა არ უნდოდეს და მასზე ზეწოლა – გინდა თუ არა ახლა ილოცეო, არ შეიძლება.”

 

კითხვაზე, არსებობს, თუ არა საფრთხე, რომ ბავშვები გარკვეული რელიგიური პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცნენ, ჯავახიშვილი პასუხობს:

 

“მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ განზოგადების. კი, არიან სასულიერო პირები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან სარწმუნოების ნორმებთან თავისი განცხადებებით და ცხოვრების მსუყე წესით, მაგრამ წესიერი სასულიერო პირებიც არსებობენ. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ბავშვი სხვადასხვა რეალობებს გაეცნოს, მაგრამ ამ ადგილებში მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, მათ შორის რწმენის თავისუფლების უფლების. თორემ არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვი ასეთ ადგილებში ატარებდეს დროს. ჩემთვის ეს ერთმნიშნელოვნად არც სასარგებლოა და არც საზიანო. ეს არის არდადეგების დაგეგმვის საშუალება. გააჩნია, რა კონცეფციით უყურებენ ისინი, ვინც ეპატიჟება ბავშვებს.”

 

იქმნება თუ არა წინააღმდეგობები აღნიშნულ პროექტსა და გაეროს ბავშვთა კონვენციას შორის? ორგანიზაცია  “პარტნიორობა ადამიანის უფელბებისთვის” ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ამბობს, რომ არა. მისივე მოსაზრებით, მსგავსი ინიციატივები მისაღები და ბავშვისთვის მრავალფეროვანიც არის:

 

“ბავშვს აქვს რწმენის და რელიგიის თავისუფლება. ასევე, მშობელს აქვს უფლება შვილი იმ რწმენის, რელიგიის და კულტურის კვალდაკვალ აღზარდოს, რომელსაც თავად ფლობს და აღიარებს, ბავშვის საწინააღმდეგო სურვილის არარსებობის შემთხვევაში. ეს კონვენციით აღიარებული უფლებაა. შესაბამისად, თუ ბავშვი არ იმყოფება დამაზიანებელ გარემოში, თუ საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, მე ამ ინიციატივაში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს ერთ–ერთი კარგი გამოცდიელბა იქნება მათი გამოცდილებისთვის. “

 

როგორც ბოტკოველი აღნიშნავს, ბავშვები ბერებს ადგილზე დაეხმარებიან. 

 

“16 წლამდე ასაკის ბავშვმა, შრომის კოდექსის თანახმად, მსუბუქი  სამუშაო შეიძლება შეასრულოს. ეს არ არის შრომითი ექსპლუატაცია, არამედ შრომითი უნარების განვითარებაა, შესაბამისად, აქ შრომით ექსპლუატაციას ვერ ვხედავ, თუმცა მე დარწმუნებული არ ვარ, იქ რა და როგორ მოხდება. შესაბამისად, თუ იქნება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბავშვებთან მიმართებაში არ განხორციელდეს კონკრეტული საქმეები მისი ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისად, მაშინ უფრო კონკრეტულად შეიძლება ვისაუბროთ, ხოლო ახლა, ამ გადმოსახედიდან მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა”– აღნიშნავს აბაშიძე. 

 

მონასტერში ყოველდღე ტარდება შუაღამიანი, ცისკარი, ჟამნობა, წირვა და  პარაკლისი. როგორც წესი, მონასტრის წევრები დილით ხუთის ნახევარზე დგებიან, ხოლო 11 საათზე ტრაპეზპობაა. შემდეგ მონასტერში მცხოვრებები სხვადასხვა მორჩილებას ასრულებენ. საღამოს 6 საათზე, ლოცვის შემდეგ, მეცხრე ჟამი და მწუხრი ტარდება, შემდეგ – ტრაპეზი, შემდეგ კი, სერობა. მონასტრებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე მეურნეობებიც აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი