ახალი ამბები

BR გოგა ბითაძის NBA-ის დრაფტზე მე-11 ნომრად არჩევას პროგნოზირებს

1 მარტი, 2019 •
BR გოგა ბითაძის NBA-ის დრაფტზე მე-11 ნომრად არჩევას პროგნოზირებს

ამერიკული სპორტული გამოცემა Bleacher Report ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს 2019 წლის NBA-ის დრაფტზე მე-11 ნორმად არჩევას უწინასწარმეტყველებს.

NBA-ის გუნდები ყოველი წლის ზაფხულში ნიჭიერ ახალგაზრდებს დრაფტზე ირჩევენ, შემდეგ კი, საუკეთესოებს კონტრაქტებს უფორმებენ და ან პირდაპირ ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ათამაშებენ, ან განვითარების ლიგაში.

Bleacher Report-ის ეს პროგნოზი იმას ნიშნავს, რომ ეს გამოცემა ბითაძეს 2019 წლის ტალანტებში მე-11 ნომრად განიხილავს.

2.12 მეტრი სიმაღლის ბითაძე ამჟამად პოდგორიცას ბუდეჩნოსტის რიგებში ევროლიგაში ასპარეზობს და 25 წუთში საშუალოდ 13.1 ქულასა და 6.6 მოხსნას, ასევე 2.9 ბლოკს აგროვებს. ბითაძე ორქულიანებს 61.8%-ის სიზუსტით ისვრის, სამქულიანებს – 25%-ით, ხოლო საჯარიმო ტყორცნებს 70.5 პროცენტით.

ცნობისთვის: NBA-ში ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია 2003 წელს დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს, თორნიკე შენგელია 2012 წელს 54-ე ნომრად აირჩიეს, თუმცა მან NBA-ში თავი ვერ დაიმკვიდრა, სამაგიეროდ ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერია. ქართველი კალათბურთელებიდან დრაფტზე ყველაზე წამრატებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი იყო, რომელიც 2002 წელს დენვერმა მე-5 ნორმად აირჩია, თუმცა დიდხანს NBA-ში თავის დამკვიდრება ვერც მან მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი