ნეტგაზეთი | თბილისში არასამთავრობოები აზერბაიჯანზე ზეწოლის მიზნით ევროსაბჭოს მიმართავენ [Video] თბილისში არასამთავრობოები აზერბაიჯანზე ზეწოლის მიზნით ევროსაბჭოს მიმართავენ [Video] – Netgazeti
RU | GE  

თბილისში არასამთავრობოები აზერბაიჯანზე ზეწოლის მიზნით ევროსაბჭოს მიმართავენ [Video]

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა (ადამიანის უფლებათა ცენტრი; ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი- კავკასია; კავშირი საფარი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მედიის ინსტიტუტი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) დღეს, 22 აგვისტოს თბილისში ევროსაბჭოს ოფისთან აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

აზერბაიჯანი, რომელიც 2014 წლის მაისიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს, აქციის მონაწილეთა განცხადებით, არ ერიდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიებს და არღვევს ევროკონვენციითა თუ სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს. 


“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ვგმობთ ცნობილი უფლებადამცველების – რასულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დევნასა და დაპატიმრებას. მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს და მინისტრთა კომიტეტის წევრებს, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პატივი სცეს და შეასრულოს როგორც ევროკონვენციით, ასევე სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები,”- ავრცელებს განცხადებას ადამიანის უფლებათა სახლი. 


ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, “შეწყვიტოს მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე; დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველები; დაასრულოს უფლებადამცბელების დევნა და შევიწროება აზერბაიჯანში და უზრუნველყოს მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე.” 


“აზერბაიჯანი, როგორც  ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარე თვითონ უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, და ამ დროს ის თვითონ გვევლინება ადამიანის უფლებების დამრღვევად. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს, ზეწოლა განახორციელონ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები, არ უნდა იყოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა,”- ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი