“ეს არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, მომზადდება საგანმანათლებლო რესურსები, მიეწოდებათ ინფორმაცია ისევ და ისევ მშობლებს იმ აქტივობების შესახებ, რაშიდაც უნდა იყვნენ ჩართულები,” – თქვა თამარ სანიკიძემ დღეს, 22 აგვისტოს განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვანია, მშობლებს ქონდეთ ინფორმაცია ბავშვების ყოველდღიურ რეჟიმთან დაკავშირებით:
“რა ხდება, როდესაც ირღვევა ბავშვის საღამოს რეჟიმი: ანუ როდესაც ბავშვი დიდხანს ზის საღამოს კომპიუტერთან, ან ტელევიზორს უყურებს დიდი ხანი. თითქოს არც ისე დიდი პრობლემაა, ის კარგად გამოიძინებს და არაფერი არ იქნება, მაგრამ მან არ იცის მეცნიერულად და იგივე სამედიცინო კუთხით, რამხელა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს მომდევნო დღეზე და იმ დღის სწავლის შედეგების ხარისხზე”.
თამარ სანიკიძის თქმით, აუცილებელია მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდება მოზარდის ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებითაც:
“ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც ასაკობრივი ზღვარის მიხედვით. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მოსწავლეები არიან გარდატეხის ასაკში, აქ უნდა ჰიგიენას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმოს, და ასევე მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას, რომელშიც მშობელი, როგორც წესი, საფუძვლიანად არ არის ხოლმე გარკვეული და ეს წარმოშობს ძალიან დიდ პრობლემებს”– ამბობს მინისტრი.
თამარ სანიკიძის განცხადებით, მშობელი ვერ იღებს მისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას:
“რა ხდება დღეს? დღეს მშობელი არ არის აქტიური, ან პირიქით, პასიური. თუ არის აქტიური, ის ჩართულია, როგორც წესი, არცთუ ისე დიდი შედეგების მომტან საქმიანობაში, რომელიც უფრო დაკავშირებული არის ლობირებასთან, გარკვეულ პრეტენზიებთან, მაგრამ ვერ იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც გამოიყენებდა ისევ და ისევ თავისივე შვილის სასიკეთოდ,”– თქვა მინისტრმა.
“აღზრდის პროცესი არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასკოლო გარემოთი შემოფარგლული,”– ამბობს ია ქავთარაშვილი, განათლების სამინიტროს ფსიქოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
“აქ საუბარია იმ უკუკავშირზე, რაც სასწავლო პროცესში ჩნდება. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს რაიმე პრობლემა, მას აქვს რაღაც სუსტი მხარე და ძლიერი მხარე, როდესაც მასწავლებელს გაანალიზებული აქვს ეს ყველაფერი კარგად, მშობელთან ერთად იგი გეგმავს, თუ რა უნდა განახორციელოს მშობელმა იმისათვის სახლში, რომ მისი შვილის განვითარება უფრო სწორი გზით წავიდეს და მიიღოს ის შედეგი, რაც მას უნდა. მაგალითად, რაღაც გარკვეული აქტივობები, როგორ იმუშაოს, კონკრეტულად რა მითითებები შეიძლება შეასრულოს სახლის პირობებში და როგორ დაეხმაროს მასწავლებელს, რომ ერთად მივიდნენ გარკვეულ შედეგემდე,”- თქვა ია ქავთარაშვილმა.
მშობელთა განათლების პროექტის მეორე ბლოკი სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობელთა განათლებას უკავშირდება. სანიკიძის თქმით, ამ კუთხით მშობელთა განათლება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. მისივე თქმით, ძალიან დიდია მშობლების როლი იმაში, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებმა საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლონ.
“ხდება მათი შეფასება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების განსაზღვრა. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში აუცილებელია მშობლის თანამონაწილეობა. უცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მოიცავს არა მხოლოდ სასკოლო ინიციატივებს, ასევე, მათ მიდგომას უკვე სახლის პირობებზე.
ვერც ერთი სკოლა, რაც უნდა კარგი სპეციალური პედაგოგები ყავდეთ და ამ ბავშვებს უვლიდნენ და ეხმარებოდნენ სკოლაში, ვერ მოახერხებს ამ ბავშვების სრულ ინტეგრაციას საზოგადოებასთან, თუ არ იქნება შესაბამისად განათლებული მშობელი, როგორც ფიზიკური მოვლა–პატრონობის თვალსაზრისით, ისე საგანმანათლებლო პროცესში ჩართული,”– ამბობს მინისტრი
მშობლის განათლების პროგრამაში განათლების სამინისტროსთან ერთად გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) 5 წლის განმავლობაში იქნება ჩართული. პარტნიორობა საინფორმაციო კამპანიის წარმართვასა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას მოიცავს.
როგორც სამინისტროში ამბობენ, ეროვნული სასწავლო გეგმაზე მუშაობა, რომელიც სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის გაზრდასაც გულისხმობს, მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება, ხოლო მშობელთა განათლების პროექტი რესუსრების მომზადებაზე მუშაობის დასრულებისთანავე, 2015 წლიდან ამუშავდება.
