ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დეფიციტის დროს აფხაზეთს ელექტროენერგიით ქართული მხარე უზრუნველყოფს

28 თებერვალი, 2019 • 2008
დეფიციტის დროს აფხაზეთს ელექტროენერგიით ქართული მხარე უზრუნველყოფს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ენგურჰესის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად, საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდა”.

კონტრაქტის შესაბამისად, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, “ოკუპირებულ აფხაზეთს დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად მიეწოდება 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია”.

აქვე ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, საქართველოს მთავრობა ზამთრის სეზონზე პერიოდულად მიმართავდა მსგავსი მექანიზმის გამოყენებას აფხაზეთში მოხმარების დეფიციტის დასაბალანსებლად.

“აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი, ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია”.

ყოველი წლის თებერვლის ბოლოს, როგორც წესი, ენგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ეცემა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრონერგიის ჭარბ მოხმარებას ვეღარ აკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი