ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი “წყლის გადასხმის აქციის” გამოწვევას იღებს

20 აგვისტო, 2014 • • 1474
ირაკლი ღარიბაშვილი “წყლის გადასხმის აქციის” გამოწვევას იღებს
 

 
პრემირ-მინისტრი “პალიტრა მედიის” თანამშრომელმა თამთა ასლანიშვილმა გამოიწვია. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს, რათა გაერკვია, აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ყინულიანი წყლის გადასხმას, თუმცა პრესსამსახურში განაცხადეს, რომ იმის მეტს, რაც განცხადებაშია ნათქვამი, ვერაფერს გვეტყვიან. 
 
 
“Ice Bucket Challenge” საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი სათლი ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე ის ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს.  წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს. 
 
 
წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე, მან თანხა უნდა გადარიცხოს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში  “ALS Association“, რომელიც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეს ასევე შეუძლია გადაისხას წყალი და გადარიცხოს ფულიც. წესების მეორე ვერსიის მიხედვით, იმ შემთვხვევაში, თუ მონაწილე წყლის გადასხმაზე უარს არ იტყვის, მას შეუძლია მხოლოდ 10 დოლარი გადარიცხოს, ხოლო თუ წყალს არ გადაისხამს, 100 დოლარის გადარიცხვა ევალება. 
 
 
აღნიშნულ აქციას ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელმაც ბილ კლინტონი გამოიწვია. 
 
 
 “წყლის გადასხმის აქციას” საქართველოშიც არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა. “წყლის გადასხმის აქციით” მოქალაქეები  ფონდ wehelp– ს ეხმარებიან, რომლის მთავარი მისიაა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარები საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით დააკავშიროს.  საქართველოში ამ მოძრაობის ფარგლებში გადაღებული ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი