ახალი ამბები

პარლამენტი საძმაკაცო და სადაქალო ადგილი არაა – ბესელია კობახიძეს

27 თებერვალი, 2019 •
პარლამენტი საძმაკაცო და სადაქალო ადგილი არაა – ბესელია კობახიძეს

უმრავლესობიდან გამოსული დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი არ არის საძმაკაცო, სადაქალო და სამეგობრო ადგილი, ხოლო ირაკლი კობახიძის გამო ეს ინსტიტუცია ხუთი კაცის სათარეშო გახდა. ეს განცხადება ეკა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბრისას გააკეთა.

უმრავლესობის ყოფილი წევრი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის შეცდომების გამო პარლამენტი ხუთი კაცის სათარეშო ადგილი გახდა.

მე მგონი, ირაკლი კობახიძე ვერ ხვდება, დღეს რა პროცესი მიმდინარეობს და რა ხდება, სამწუხაროდ. ის ამ პროცესს რომ ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინა პარლამენტში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და ძალიან გული დამწყდა, როდესაც დავინახე, როგორ ინგრევა ის, რაც ძალიან დიდი რუდუნებით, 4 წელი ვაშენეთ. მე მგონი, უბრალოდ, ვერ აცნობიერებს ამას. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა,” – განუცხადა რუსთავი 2-ს ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია პარლამენტში საკუთარი ფრაქციის შექმნას გეგმავს, რომელსაც თვითონ უხელმძღვანელებს. მასთან ერთად, სავარაუდოდ, იქნებიან გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი. პარალელურად, უმრავლესობის დატოვებაზე რამდენიმე დეპუტატის შესახებ ვრცელდება მედიით ინფორმაცია, თუმცა ეკა ბესელია ამბობს, რომ სხვის მაგივრად ვერ გააკეთებს კომენტარს, შეუერთდებიან თუ არა მას. ბესელიას თქმით, ეს პროცესი შესაძლოა იყოს ხანგრძლივი.

მასალების გადაბეჭდვის წესი