ახალი ამბები

სააკაშვილის პიჯაკები საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის უფროსს დაუბრუნეს

20 აგვისტო, 2014 • • 1168
სააკაშვილის პიჯაკები საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის უფროსს დაუბრუნეს

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

ექსპრეზიდენტის პიჯაკები მის საცხოვრებელ მისამართზე გაიგზავნა და ნივთები ლანა ღვინჯილიას მამამ ჩაიბარა:

“პიჯაკები და პალტო გაიგზავნა ლანა ღვინჯილიას საცხოვრებელ მისამართზე – ჭავჭავაძის 75 ნომერში. ამ მისამართზე ნივთები გადაეცა ლანა ღვინჯილიას მამას”.

 

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში 19 აგვისტოს შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო გააგზავნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არის შეძენილი, თუმცა ტანსაცმელი ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს.

 

“ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს, დოკუმენტს ჩავიბარებთ, ტანსაცმელს ვერა, ტანსაცმლის ჩაბარების უფლება არ გვაქვს”,- განუცხადეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს კანცელარიის საშვთა ბიუროში. 

 

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაგზავნით ტანსაცმელს მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოსაყენებლად,”– ამბობს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლანა ღვინჯილია.

 

მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა:

 

“გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის.”

 

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994,84 ლარი. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი პროკურატურის ინფორმაციით კოსტუმებზე და პალტოზე დახარჯული თანხებია.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი