ნეტგაზეთი | არჩევნებს აფხაზეთში 20 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან არჩევნებს აფხაზეთში 20 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან – Netgazeti
RU | GE  

არჩევნებს აფხაზეთში 20 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან

საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში 20 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა “აპსნიპრესი” ავრცელებს.

აფხაზეთი, არჩევნები; (c) epa
აფხაზეთი, არჩევნები; (c) epa


პარლამენტის სპიკერის მთავარი მრჩევლის, გალინა სტრანიჩკინას განცხადებით, 19 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 80-მა ადამიანმა 20 ქვეყნის 23 დელეგაციიდან.

 

“მათ შორის, ვინც აფხაზეთში ჩამოვა, არის რუსეთის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე სტანისლავ ვავილოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევგენი სერებრენნიკოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი და რუსეთისა და ბელორუსის საპარლამენტო კავშირის კომისიის თავმჯდომარე ტატიანა მოსკალკოვა”, – წერს “აპსნიპრესი” სტრანიჩკინას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი, ხოლო სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციას – თავმჯდომარის მოადგილე კაზბეკ კარსანოვი.

 

მთიანი ყარაბაღიდან დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე არტურ ტოვმასიანი და პრეზიდენტისა და მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

 

სტრანიჩკინას თქმით, აფხაზეთში აპირებენ ჩამოსვლას დამკვირვებლები სომხეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ბრაზილიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, სან-მარინოდან, ნაურუდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან. ზოგიერთ მათგანს, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელს, უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული აფხაზეთის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში.


აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდება. პრეზიდენტობისთვის  ოთხი კანდიდატი იბრძვის – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.




ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია