ახალი ამბები

საპატრიარქო მამალაძის წერილის და საქმის მასალების გამოქვეყნებას ითხოვს

26 თებერვალი, 2019 •
საპატრიარქო მამალაძის წერილის და საქმის მასალების გამოქვეყნებას ითხოვს

საპატრიარქო ითხოვს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილის და მისი საქმის მასალების გამოქვეყნებას.

“ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს ჩვენი მხრიდან მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს. ასევე მიგვაჩნია, რომ სასურველია გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მით უმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.

მან იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და გამონაკლისის სახით ამ ნაბიჯს გადადგამენ.

“სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი