რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბერლინში უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმებისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ მიუღწევიათ, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შეთანხმდნენ.
BBC-ის ცნობით, რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების კოლონა, 280 სატვირთო მანქანის შემადგენლობით, უკრაინის საზღვართან ახლოსაა გაჩერებული და შემოწმებას ელოდება. წითელი ჯვარი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეიტანოს აღმოსავლეთ უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს სატვირთო მანქანების ქვეყანაში შესვლამდე.
დასავლეთის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ კოლონა სამხედრო აღჭურვილობისათვის საფარად იქნეს გამოყენებული სეპარატისტების იარაღით მოსამარაგებლად.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა:
“მიზნად რჩება, მივაღწიოთ შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მსხევრპლის თავიდან აცილების შესახებ.” მისი თქმით, “ბერლინში რთული დისკუსია გაიმართა. მაგრამ მე მჯერა და იმედი მაქვს, გვექნება პროგრესი ზოგიერთ დეტალზე”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცახდებისა და ბერლინში გამართული შეხვედრის შესახებ წერს “როიტერიც”.
Reuters-ის ინფორმაციით, ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია, რომ მოსკოვი ეხმარება ამბოხებულებს და მას არ აქვს დაპყრობასთან დაკავშირებული გეგმები:
“ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად… როდესაც ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ნამდვილი ომი მიმდინარეობს”.







