ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ხაშურთან გაჩერდა, პოლიციამ მძღოლი ჯერ გაჩხრიკა, შემდეგ კი განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანა. როგორც სტუდია “მონიტორის” რედაქტორმა გიორგი მგელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, მძღოლმა პოლიციის განყოფილება მალევე დატოვა.
“ხაშურის შესასვლელთან მძღოლმა ავტობუსი შეაჩერა, ძირს ჩავიდა, რა დროსაც ის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა გააჩერა. ეს ადამიანი გაკრკვეული პერიოდი დაკავებული ჰყავდათ, მისთვის ხელები ჰქონდათ გადაგრეხილი და რაღაც მოქმედებებს ატარებდნენ. როცა ვეკითხებოდით რა აკეთებდნენ, ამასთან, დავიწყეთ გადაღება, რამდენიმე წუთში სავარაუდოდ, ჩხრეკის ოქმი მოუტანეს და მანქანის “კაპოტზე” მოაწერინეს ხელი. ამის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მერე კი გამოუშვეს,”-ამბობს გიორგი მგელაძე.
მისივე თქმით, ავტობუსის მძღოლმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხაშურთან ნათესავისთვის 10 ლარის გადაცემას აპირებდა და ავტობუსიც ამიტომ გააჩერა. შსს-ში მძღოლის ჩხრეკის ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ჩხრეკა სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
“სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ხაშურთან გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩხრეკა ჩაატარა. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალებამ მძღოლთან და მგზავრებთან ერთად განაგრძო გზა. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები,”-უთხრეს ნეტგაზეთს უწყებაში.