ჭიდაობის ცედერაციის შენობაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი განსახილველი საკითხიც 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტია. შენობაში ცოტა ხნის წინ ზურაბ დათუნაშვილი შევიდა, რომელმაც ფედერაციასთან მისდამი სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.
დათუნაშვილის თქმით, მისი მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომაზე, უცვლელია. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოჭიდავემ უპასუხა:
“მაშინ სამართალი არ ყოფილა. წავალ და ჩემს თავს მივხედავ”.
სხდომის პარალელურად, ფედერაციასთან დათუნაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებს გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენა დაუშვებლად მიაჩნიათ. ისინი ტაშით შეხვდნენ შენობასთან მისულ მოჭიდავეს და მოუწოდეს, ბოლომდე მიჰყვეს პროცესს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთელი თავისი გუნდით. ზურაბ დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოკითხა.
2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე ინციდენტთან დაკავშირებით 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. 24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და დროებითი ღონისძიების სახით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.