ახალი ამბები

პოლიტიკური ინტერესებისთვის იბრძვიან – კობახიძის კრიტიკა NGO-ებს

23 თებერვალი, 2019 •
პოლიტიკური ინტერესებისთვის იბრძვიან – კობახიძის კრიტიკა NGO-ებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “კოალიცია მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენელს, გიორგი მშვენიერაძესა და ჯგუფში შემავალ არასამთავრობოებს აკრიტიკებს. კობახიძე “პოლიტიკურ სპექტაკლს” უწოდებს მშვენიერაძის გადაწყვეტილებას იმ სამუშაო ჯგუფის დატოვებასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ განწესების კრიტერიუმებს განიხილავს.

კობახიძის თქმით, მშვენიერაძესა და კოალიციის სხვა წევრებს “კონკრეტული პოლოტიკური ინტერესი” ამოძრავებთ.

“ეს არის ის გიორგი მშვენიერაძე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და შესაბამისად, ამ ადამიანისა და ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო: ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ისინი იბრძვიან ამ შემთხვევაშიც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ბატონი გიორგი სხდომის დატოვების თაობაზე, მას უკვე დილას ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას. არაპირდაპირ, მაგრამ ის მოუწოდებდა სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში. ესაა, ბუნებრივია, პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში”, – უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიას.

“კოალიცია მართლმსაჯულებისთვის”  ტოვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ სამუშაო ფორმატს, რომლის ფარგლებშიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების კრიტერიუმების შემუშავებაზე მსჯელობენ.

როგორც “ნეტგაზეთს” კოალიციის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ უთხრა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართული ორი შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სასამართლო სისტემაში შექმნილ გამოწვევებს ვერ პასუხობს და მეტიც, ის ემსახურება სისტემაში არსებული გავლენის ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფუთვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი