სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილ ორ საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3, წამების აკრძალვის მუხლის დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” ავრცელებენ.
სამინისტროს ცნობით, საქმე “მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ” ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. წამების აკრძალვის მუხლთან ერთად, დადგინდა, მე-13 – სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების მუხლის დარღვევა.
“…საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა დეკლარაცია, რითაც აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა 2008 წლის 18 იანვარს მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. მთავრობამ, ასევე, აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების არარსებობის გამო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობა მომჩივანს უხდის კომპენსაციას 3 500 ევროს ოდენობით და საქმის ეფექტიანად გამოძიების ვალდებულებას იღებს.
საქმე „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2009 წლის 30 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებისადმი არასათანოდო მოპყრობასა და აღნიშნულის ასევე არასათანადო გამოძიებას. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამ დროს პატიმრები ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ, თუმცა ისინი დააკავეს. უწყების თანახმად, არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავებისას, ისე მას შემდეგ.
“ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს დაზიანებები მიაყენეს 2009 წლის 30 მარტს, გაქცევის მცდელობისას, დაკავების დროს ან მოგვიანებით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგად.
შესაბამისად, მომჩივნების[ნაწილის] მიმართ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. კიდევ ორი მომჩივნის − რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის − მიმართ მსგავსი დარღვევა არ დადგინდა. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ოთხივე მომჩივნის მიმართ დაირღვა დამოუკიდებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უფლება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მომჩივანთა ინტერესებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” იცავდა. ევროპულმა სასამართლომ გიორგი გაბლიშვილისა და გიორგი მჭედლიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6 000-6 000 ევროს გადახდა დააკისრა, რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის კომპენსაციად კი 3 000-3 000 ევრო განსაზღვრა.