დღეს, 13 აგვისტოს, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის მეორე სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად გამწვანებისა და ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობამ ზადამხედველობისა და გამწვანების სამსახურების ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიის გამწავანებასთან დაკავშირებით. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბოლო პერიოდში მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან გამოვლენილი ხეების უკანონო ჭრის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა ყველა ის პირი, ვინც მსგავსი ტიპის უკანონობას ახდენდა:
„ჩვენ შესაბამის ჯგუფებს გავაძლიერებთ და გავამკაცრებთ მონიტორინგს, რათა მათ, ვისაც ხის ჭრაზე ნებართვები აქვთ, იმოქმედონ ნებართვის შესაბამისად, შეასრულონ აღებული ვალდებულებები და მოახდინონ შესაბამისი ტერიტორიების გამწვანება. ხოლო ისინი, ვინც უკანონოდ ახორციელებენ ამას, მკაცრად დაისჯებიან,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონკრეტულად როგორ გამკაცრდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია.
